26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
რატომ ვერ ხერხდება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი მედიკამენტის შემოტანა და რა განმარტებას აკეთებს ივანე ჩხაიძე 

სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, პედიატრ ივანე ჩხაიძის განმარტებით, პრეპარატ "ვოსორიტიდს", რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება, ფართო კვლევები არ გაუვლია და მისი კვლევა მხოლოდ 52 კვირას შეადგენდა, ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ "კურიერი P.S-ში" განაცხადა.

როგორც ექიმი აცხადებს, სწორედ ეს არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, ყველა ქვეყანა თავს იკავებს ამ პრეპარატის გამოყენებისაგან.

"ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ინტენსიურად კეთდება სხვადასხვა სახის განმარტება და ერთი, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის პრეპარატი, რომელიც 2021 წელს იყო ნებადართული ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის მიერ დაჩქარებული წესით. ვინაიდან დღეისათვის ის არის ერთადერთი მედიკამენტური შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ ამ ბავშვებს. ამ პრეპარატის ეფექტურობა დადასტურებულია ერთადერთ კვლევაში, რომელიც ჩატარებულია ბავშვების ლიმიტირებულ რაოდენობაზე - 121 ბავშვია და შედეგი, რომელიც მიღებულია, არის 52 კვირიანი კვლევის შედეგი.

ეს არის ერთ-ერთი, რის გამოც, ყველა ქვეყანა თავს იკავებს ამ პრეპარატის გამოყენებისაგან, ვინაიდან მისი მოგვიანებით შედეგები, რამდენად ინარჩუნებს  ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ბავშვის ორგანიზმი ზრდის ტემპს, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე, უცნობია სხვადასხვა პოტენციური გართულებების ზეგავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე. საერთო ჯამში ითვლება, რომ ის მონაცემი, რომელიც არის ცნობილი - წლის განმავლობაში 1,57 სანტიმეტრით მეტი მატება, ეს არის ერთი წლის შედეგი და მისი ხანგრძლივი დროით გაგრძელებაზე, ჯერჯერობით, კვლევა არ არის და არის მხოლოდ თეორიული მოსაზრება, რომ ამ პრეპარატით შემდეგ პერიოდში, შესაძლოა ზრდის ანალოგიური მატება," - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი მე-5 დღეა გრძელდება. 

მოთხოვნა - დაავადების სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტის შემოტანა და ბიუჯეტიდან დაფინანსებაა.

დღის ამბები