26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება - არის თუ არა მედიკამენტის მიღება რისკებთან დაკავშირებული და რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი, დღესაც უცვლელი მოთხოვნებით გაგრძელდა. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას, დაავადების სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოტანასა და ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითხოვენ. საუბარია პრეპარატ ვოსორიდიტზე.

აქციის მონაწილეები მანამდე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. ზურაბ აზარაშვილ მშობლებს დაჰპირდა რომ - თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება, პაციენტებისათვის ამ მედიკამენტით სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფა, სამინისტრო მზადაა, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში ვოსორიტიდის შემოტანა. უწყების ინფორმაციით პრეპარატი ბევრ ქვეყანაში ჯერ ისევ ექსპერიმენტულია და კლინიკურ გამოცდებს გადის, სწორედ ამის გამო მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ წამლით მკურნალობა, არ ფინანსდება. სამინისტრო მზადაა, ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურა, როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ.

პრეპარატის შესაძლო გვერდით მოვლენებზე საუბრობენ ექიმები. ამბობენ, რომ აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა და მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა, არ ხასიათდება სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომებით. მათივე განმარტებით, გარკვეული დროა საჭირო რომ მოხდეს უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვოსორიტიდი ჯანმოს ესენციური მედიკამენტების სიაში არ აქვს შეტანილი და შესაბამისად, არ არსებობს საერთაშორისო გაიდლაინებიც.

საქართველოში საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი უკვე შეიქმნა, რომლის მიზანიც ამ იშვიათი დაავადების სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბებაა.

სახელმწიფოს მედიკამენტის დაფინანსებას დღეს მშობლებთან ერთად პოლიტიკოსებიც სთხოვდნენ. მთავრობის კანცელარიასთან მშობლების აქციას, ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ. ოპონენტების მხრიდან პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას, მიუღებელი უწოდეს მმართველ გუნდში. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმ პროგრამებზე საუბრობს, რომელიც იშვიათი დაავადების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

მსოფლიო ჯანდაცვაის ორგანიზაციაში აქონდროპლაზიას განაჩენს არ უწოდებენ და განმარტავენ რომ ამ დაავდაბეით ბევრი ცნობილი წარმატებული ადამიანია მსოფლიოში

 

დღის ამბები