აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები, საქართველოში დაავადების სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტის შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ. მშობლებს, შეხვედრა ჰქონდათ ჯანდაცვის სამინისტროში. მათ მინისტრისგან მოისმინეს დაპირება, რომ როგორც კი მსოფლიოს მეტი ინფორმაცია ექნება ამ მედიკამენტის შესახებ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები პასუხისმგებლობას აიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს ამ წამლით მკურნალობა, საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც გაიზიარებს იგივე პასუხისმგებლობას.
მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროდან, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში, სექტემბრამდე მედიკამენტის აქტიური დანერგვის პირობებში, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში საქართველო გაიზიარებს ამ ქვეყნების გამოცდილებას და იზრუნებს იმაზე, რომ ქვეყანაში მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდეს.
"გაიცა პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, 2-3 ქვეყანაში სექტემბრამდე მედიკამენტის აქტიური დანერგვის პირობებში, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში საქართველო, ასევე გაიზიარებს ამ ქვეყნების გამოცდილებას და იზრუნებს იმაზე, რომ ქვეყანაში მედიკამენტი გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი ბავშვებისთვის. მათ შესაძლოა, დასჭირდეთ რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური დახმარება, ფიზიოთერაპია და ვარჯიში. ამ ყველა სერვისის დასაფინანსებლად სამინისტრო მზად არის, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, გამომდინარე იქიდან თუ რა საჭიროება ექნება ბავშვს", - განაცხადა გაბუნიამ.