26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
300 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნაღდი ფული - საბერძნეთში გახმაურებული ძარცვის მთავარი ფიგურანტი საქართველოს მოქალაქეა

ქართველი მძარცველი, რომელმაც საბერძნეთიდან საქართველოში 300 000 ევროს ღირებულების ნაქურდალი ჩამოიტანა, ისევ დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა და  საბერძნეთის ციხეში აღმოჩნდა.

საქართველოს მოქალაქემ ცნობილი ბერძენი ბიზნესმენის ოჯახი ზუსტად ერთი წლის წინ გაძარცვა.
გამოძიებას ის სოფელ ამაღლებაში ემალებოდა, თუმცა ათენში ახალი გვარით დაბრუნდა. 
პასპორტის შეცვლამ არ იმუშავა. "კურიერმა" დღეს ბრალდებულის ორივე გვარი დაადგინა. 43 წლის ოსმან ხმალაძე ოსმან სხვედიანი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, ის საქართველოშივე გაიშიფრა. სწორედ თბილისიდან აცნობეს ბერძენ გამომძიებლებს ბრალდებულის გეგმები.

43 წლის ოსმან ხმალაძე, საბერძნეთში გახმაურებული ძარცვის მთავარი ფიგურანტია. ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა კალონიკაში ცნობილი ბიზნესმენის სახლი გაძარცვა, სეიფიდან 300 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნაღდი ფული გაიტაცა, რამდენიმე დღეში კი მსხვილი ნაძარცვით საბერძნეთიდან საქართველოში გამოემგზავრა. ახლობლები "რუსთავი 2-ს" უდასტურებენ, რომ ოსმან ხმალაძე მშობლიურ სოფელში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა, თუმცა მალევე კვლავ საზღვარგარეთ გაემგზავრა.

"კურიერი" დღეს ბრალდებულის რეგისტრაციის მისამართზე იმყოფებოდა. გახმაურებული ძარცვის დეტალებზე საუბარი არ სურთ საქართველოში, ოსმან ხმალაძის ახლობლებს. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მამაკაცი წლებია ცოლ-შვილთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს.

ის, რაზეც ახლობლებს საუბარი არ სურთ, დეტალურადაა ასახული ბერძნული გამოძიების მასალებში. ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოში გაქცეული მამაკაცი, უკან, საბერძნეთში შეცვლილი ვინაობით დაბრუნდა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ამჯერად ის ოსმან სხვედიანის სახელზე გაცემული პასპორტით სარგებლობს. ცნობილი ბიზნესმენის ძარცვის საქმეს აქტიურად აშუქებს ბერძნული მედიაც.

საბერძნეთის პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე ჩატარებული ჩხრეკისას 12 ოქროს ფუნტი, 19 000 სომხური დრამი, 15 გრამი კანაფი, ორი პისტოლეტი და სავარაუდოდ, ნაძარცვი ძვირფასეულობა ამოიღო. გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან ოსმან ხმალაძის შესაძლო კავშირის დასადგენად.

დღის ამბები