26 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
"ეს არის ერთი ეპიზოდი იმ დიდი სტრატეგიიდან, რასაც ჰქვია სახელმწიფოს წინააღმდეგ ლაშქრობა" - გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არასწორი იქნება. ის მიიჩნევს, რომ კომისიის შექმნა სახელმწიფოს წინააღმდეგ ლაშქრობაა.

"სწორი არ არის, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, ვინაიდან, ფაქტებზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი გარკვეულ განცდაზე, რომელიც ეუფლება ჩვენს ოპონენტ პოლიტიკოსებს. მხოლოდ განცდაზე ჩამოყალიბება საპარლამენტო კომისიისა, მხოლოდ ერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს - გარკვეული პოლიტიკური სტრატეგიის გაგრძელება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლო არ არის ობიექტური. ეს არის ერთი ეპიზოდი იმ დიდი სტრატეგიიდან, რასაც ჰქვია სახელმწიფოს წინააღმდეგ ლაშქრობა, ეს არის გააფთრებული ლაშქრობა და რაც მეტი იქნება კარგი, პოზიტიური მაჩვენებელი თუნდაც ეკონომიკური ზრდის, ან თუნდაც სტაბილურობის შენარჩუნების, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით, გაცილებით უფრო დიდი და გააფთრებული იქნება შეტევა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღესაც გავა. პოზიციები უცვლელია - არ არის გამორიცხული, "ქართულმა ოცნებამ" ისევ ბოიკოტს მიმართოს, ვინაიდან მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ითქვა რომ პრინციპული საკითხია სასამართლოზე კომისია არ შექმნას "ნაციონალურმა მოძრაობამ".

 

 

 

დღის ამბები