26 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
საქართველოს 33 მოქალაქე სუდანის ზავის და ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინშია - რა ვითარებაა ამ დროისთვის ქვეყანაში

მეოთხე დღეა, სუდანში აფეთქებების ფონზე თენდება. ცეცხლის ალში გახვეულ დედაქალაქში ამ დრომდე საქართველოს 33 მოქალაქე რჩება. სუდანში მყოფი ქართველები კურიერს უყვებიან, რომ ისინი ხართუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოდ იმყოფებიან.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში მყოფი საქართველოს 33 მოქალაქე ავია კომპანიების "ჯეო სქაისა" და "მაი ვეის" თანამშრომლები არიან. კომპანიებში ამბობენ, რომ საკვებსა და წყალს ქართველ მფრინავებს და ბორტგამცილებლებს დღეს მიაწვდიან. ევაკუაციაზე კი მოლაპარაკებები ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით გრძელდება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატიური სამსახური საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა და მათ ევაკუაციას ცდილობს.

მორატორიუმი სუდანის დროით 18:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა, მხოლოდ 24 საათით. გადაწყვეტილება კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა მსოფლიო ლიდერების მოწოდების შემდეგ მიიღეს. დილით თავდასხმის სამიზნე ამერიკის დიპლომატიური კოლონა და ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაც გახდა. თავდასხმის შედეგად, ევროკავშირის ელჩმა, რომელიც ირლანდიელი დიპლომატია, მცირე დაზიანებები თავადაც მიიღო.

სუდანის გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურმა და ქვეყნის ეროვნული არმიის გენერლებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება დაადასტურეს და თქვეს, რომ 24 საათის განმავლობაში მშვიდობიან მოქალაქეების გადაადგილებასა და დაჭრილთა ევაკუაციას უზრუნველყოფენ.

დაპირისპირებული მხარეების დაპირებების მიუხედავად , "წითელი ჯვრის" სუდანის ოფისში ამბობენ, რომ ხართუმში ჰუმანიტარული მომსახურების მიწოდება მოქალაქეებისთვის ამ დრომდე შეუძლებელია. თავად ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია. ისინი თავს სარდაფებს აფარებენ და ქუჩაში გასვლას ვერ ახერხებენ, რადგან მათი ინფორმაციით, მებრძოლები ცეცხლს მშვიდობიან მოსახლეობასაც უხსნიან.

შეტაკეებები კი ინტენსიურ რეჟიმში მეოთხე დღეა გრძელდება. ერთმანეთს სუდანის ეროვნული არმია და სწრაფი რეაგირების ძალების სამხედროები დაუპირისპირდნენ. ამ მებრძოლების უკან ორი გენერალი დგას - აბდელ ფატაჰ ალ-ბუჰრანი, რომელიც ნაციონალური არმიის მეთაურია და მოჰამედ ჰამდან დაგალო იგივე ჰემედტი , რომელსაც ხელისუფლების შეცვლა სურს. გენერლების ბრძოლას მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია 185 და დაჭრილია 2000-ზე მეტი ადამიანი. თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მხვერპლი ბევრად დიდია.

დღის ამბები