26 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
ეს უნდა შეფასდეს არა როგორც ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა, არამედ ტელევიზიის გადამალვა, საბოლოო ჯამში საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია - არჩილ თალაკვაძე კეზერაშვილზე

დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის უარს ამბობს "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს, მმართველ გუნდში აფასებენ.

მმართველი გუნდისთვის ეს არა წილებზე უარის თქმა, რამედ ქონების გადამალვაა დავით კეზერაშვილის მხრიდან.

"ეს უნდა შეფასდეს არა როგორც ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა, გადაფორმება, არამედ ტელევიზიის გადამალვა, ის ცდილობს, რომ საკუთარი მძიმე რეპუტაცია და ტვირთი ჩამოხსნას ახალა დროებით მაინც ტელევიზიას, იმისთვის, რომ ამ მედიამ გააგრძელოს აქამდე დასახული ამოცანების შესრულება.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია, როგორც არ უნდა ეცადოს დავით კეზერაშვილი, რომ დაიმალოს პარტიის თუ მედიის უკან, რა თქმა უნდა სიმართლე უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი მის საქმიანობასთან დაკავშირებით," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილიც იმავეს ამბობს და აღნიშნავს, რომ საკონტროლო პაკეტის "ვითომ" გადაცემა, ფორმალურია:

"თურმე ბატონი კეზერაშვილი, ვითომდა, ფორმალური თვალსაზრისით, გადასცემს კომპანიის თანამშრომლებს საკონტროლო პაკეტს. აქამდე გვყავდა ერთი მისტერ ობშორი, ახლა კი გვეყოლება ძალიან ბევრი მისტერ და მისის ობშორები. ეს ადამიანები სულ მცირე უნდა დაფიქრდენენ, რომ ნაძარცვი ფულით შექმნილი კომპანიის მმართველობაში მოსვლა, მგონი მთლად მორალური ნამდვილად არ არის,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი კი აცხადებს, რომ კეზერაშვილის ბენეფიციარები ახლა იმას ცდილობენ "რამენაირად შეინარჩუნონ მისი დაფინანსება":

"კეზერაშვილის გარშემო არსებული ვითარება, საზოგადოებისთვის დიდი ხანია კარგად ცნობილია. მათ შორის ქოლცენტრებთან დაკავშირებითაც, საქართველოს პროკურატურა 1 წლის წინ გამოძიებას ატარებდა გერმანელ კოლეგებთან ერთად. აქედან გამომდინარე, კეზერაშვილის ბენეფიციარები, ბუნებრივია ცდილობენ რამენაირად შეინარჩუნონ კეზერაშვილის დაფინანსება,"- აღნიშნავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დღეს ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ უარს ამბობს "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს. 

ასევე, მის მიერ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი არის BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე. 
BBC-ის მიერ მომზადებულ მასალას, დავით კეზერაშვილი უზუსტობას უწოდებს და ირწმუნება, რომ ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების გავლით, დაამტკიცებს საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას.

დღის ამბები