26 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
მილიარდი დოლარი ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი 5 წლიანი პროგრამისთვის - პრემიერმა ახალი ინიციატივა დააანონსა

1 მილიარდი დოლარი ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი 5 წლიანი პროგრამისთვის - პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივა დააანონსა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება და პირველ ეტაპზე უკვე შერჩეულია 11 მდებარეობა.

წლევანდელ ბიუჯეტში პროექტისთვის უკვე გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი. 

"ჩვენ 2 წლის წინ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროგრამა. 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები, განახლდა ცენტრები, მოეწყო სკვერები და ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული. ამ პროგრამისთვის გახსოვთ, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი გამოვყავით, ჯერ კიდევ გრძელდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა და ახლა ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას ქალაქების და კურორტების განვითარების პროგრამა, რომელიც იქნება 5 წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია, მინდა გაცნობოთ ამის თაობაზე: ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

სამუშაოებს დავიწყებთ ძალიან მალე, ამის თაობაზე უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად, შემუშავდება კონცეფციები, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს მუშაობას აქტიურად ამ პროგრამის განხორციელებაზე, შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს. ჩაუტარდება შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, განახლდება, ისევე როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება.

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები. აი ეს არის ჩვენი გეგმა," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები