აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბლინკენის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ამ დილით სუდანის არმიისა და გასამხედროებული "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მეთაურებს და მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"მე შეზღუდული ვარ დეტალების გამჟღავნებაზე მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ გუშინ სუდანში ამერიკულ დიპლომატიურ კოლონას ესროლეს. ყველა უვნებელია და არის უსაფრთხოდ. მაგრამ ეს ქმედება იყო გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და რა თქმა უნდა, სახიფათო.
მე სატელეფონო საუბარი მქონდა გენერლებთან ჰემედტისა და ბურჰანთან და ნათლად განვაცხადე, რომ ნებისმიერი თავდასხმა, მუქარა, საფრთხე ჩვენი დიპლომატებისთვის სრულიად მიუღებელია, მე მათ მოვუწოდე დათანხმებულიყვნენ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, რამაც შეიძლება შექმნას საფუძველი საომარი მოქმედებების გრძელვადიანი დასრულების უზრუნველსაყოფად მოლაპარაკებებზე დაბრუნების და ბრძოლის უფრო მდგრადი შეწყვეტის," - აცხადებ ენტონი ბლინკენი.
შეგახსენებთ, რომ სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის" შეტაკებები მიმდინარეობს. გაეროს ინფორმაციით, სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა კი 1.800-ს აჭარბებს.