26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ვნების კვირა მონასტერში - მონაზვნების ცხოვრება და სასწაულმოქმედი ხატი პანტანასას დედათა მონასტერში

წითელი პარასკევის მსგავსად, ვნების კვირის ყოველი დღე გამორჩეული და სიმბოლურია. მძიმე მარხვის მძიმე კვირის მნიშვნელობა კი ყველაზე უკეთ მონასტერში ესმით - იქ, სადაც ლოცვით, მარხვითა და შრომით მონაზვნები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ემზადებიან. პასკა, წითელი კვერცხი და სეფისკვერი - მონასტერში განსაკუთრებული სამზადისია.

პანტანასას დედათა მონასტერი ზაჰესში მდებარეობს. ადგილი სასწაულმოქმედი ხატით არის ცნობილი. "პანტანასა" - ყოველთა დედოფალი, ცნობილია, როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე. როგორც დედაოები ამბობენ, ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან. 

მართლმადიდებლობა არსითა და ფორმით ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული აღმსარებლობაა, ტრადიციის ძაფზე კი გასაოცარი მარგალიტები აქვს ასხმული, რომლის რიტმებსა და ციკლებშიც ღვთისმსახურება მიედინება. მაშინ, როცა მონასტერში ვნებები სულისთვის უცხოა, მცნებები კი ახლობელი, ვნების შვიდეულის მნიშვნელობაც განსაკუთრებულად ესმით, იმ მძიმე დღეებისა, რომელიც დედამიწაზე ადამიანად მოსული ღმერთის უკანასკნელ დღეებს ეხება.

მონასტერი ეკლესიაა და აქ ყველაზე კარგად იგრძნობა, რომ სიჩუმეზე უფრო ტკბილი მუსიკა არ არსებობს. არ არის იმაზე ღრმა სიტყვები, ვიდრე მდუმარებაა. თუმცა მდუმარედ თუ ხმამაღლა აქ ყოველთვის ლოცულობენ, განსაკუთრებით კი ვნების შვიდეულში.

ციცაბო კლდის წვერზე, პანტანასას დედათა მონასტერი დგას. მონასტერი, რომელიც სამ ეკლესიას აერთიანებს. ორი მონაზონი და ორი მორჩილი, ახლა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. ტრადიცია არ ირღვევა. პასკა ტრადიციული და განსაკუთრებული რეცეპტით ცხვეპა, კვერცი კი წითლად იღებება.

მონასტერში რომ განსაკუთრებული მზადებაა, ამას სეფისკვერის რაოდენობაც მოწმობს. დედები საფუარიანი ცომისგან ორნაწილიან მრგვალ კვერებს აცხობენ.

უდიდესი საიდუმლო, რაც კი დედამიწის ზურგზე აღესრულება, უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარებაა, მისი განუყოფელი ნაწილი კი სეფისკვერია, რომელსაც წირვის ბოლოს მორწმუნეებს დაურიგებენ.

მონასტერში ლოცვას თან საქმე ახლავს - მონაზონი ანასტასია პატარა ბაღს უვლის. აქ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ კლდე იყო, დღეს კი უკვე ბოსტანი და საკუთარი ნობათიც აქვთ. ლოცვებს შორის შრომის შედეგი კი ერთი შეხედვითაც ჩანს.

რამდენიმე წლის წინ საერო ცხოვრებიდან წამოსულები, მონასტრის დატოვებაზე აღარ ფიქრობენ. განსაკუთრებით ეს ტაძრები უყვართ, სადაც წმინდა ნაწილები და სასწაულმოქმედი ხატი ასვენია. ამ ეკლესიაში მომლოცველი ბევრია, ყვებიან, რომ ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან. ლოცულობენ სხვებისთვის, ლოცულობენ საკუთარი თავისთვის და ერთობლივი შრომით აკეთებენ ყველაფერს, რომ ცხოვრების გზაჯვარედინზე ყველამ სწორი არჩევანი გააკეთოს.

მძიმე მარხვის მძიმე კვირა სრულდება. პანტანასის მონასტრიდან გამოგზავნილი მთავარი სურვილი ერთია – ლოცვითა და რწმენით თითოეულმა ადამიანმა ის სიხარული საკუთარ თავში განიცადოს, რასაც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ჰქვია.

ავტორები: იზი ბურნაძე, გიორგი გუჯაბიძე, ირაკლი ჭარხალაშვილი

დღის ამბები