26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ლურჯ-ყვითელი დროშა აუცილებლად აღიმართება ღვთისგან ბოძებულ ჩვენს მიწაზე, ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად! - ვოლოდიმირ ზელენსკი

აღდგომის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ორი ეკლესია დაბომბეს - ერთი ზაპოროჟიეში და მეორე დონეცკში. დაიღუპა ქალი. რუსები დღესასწაულის ღამეს მასობრივ შეტევაზე გადავიდნენ. შეტევა იყო მიკოლაევის ოლქზეც. დაიღუპა ორი ბავშვი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება და კერძო საწარმო. დაიბომბა სუმის ოლქის რამდენიმე დასახლებაც. დაიჭრა მშვიდობიანი მოქალაქე. საჰაერო დარტყმა მიაყენეს ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ოლქში მდებარე საწარმოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გამარჯვების რწმენა ყველა უკრაინელს აერთიანებს.

"გასული ზამთრის მიწურულს რუსეთმა ჩვენს მიწაზე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მასთან ერთად მოიტანა სიკვდილი, ტკივილი და სიბნელე. 24 თებერვლის დილას მზე არ ამოსულა. 24 თებერვალს დილით ბნელი ღამე დაიწყო. და ამავე დროს დაიწყო ჩვენი გამოღვიძება, ჩვენი ბრძოლა. სიბნელემ ვერ დაჩრდილა ჩვენი სული, თავისუფლების სურვილი, სამშობლოს სიყვარული და მის დასაცავად მზადყოფნა. ჩვენ შევინარჩუნეთ სინათლე ჩვენში. დავძლიეთ პანიკა, შიში, მტრობა და ჩხუბი. გავერთიანდით. დავამარცხეთ სასოწარკვეთა, უიმედობა, დაღლილობა, ტკივილი. რისთვისაც დღეს ვიბრძვით ბნელი ძალების წინააღმდეგ - ეს ჩვენი განთიადია, ჩვენი აღორძინება. ეს არის დამოუკიდებელი უკრაინის განთიადი.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება.

ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს უკრაინის გამარჯვებისთვის ვლოცულობთ. ჩვენ უბრალოდ არ ვიცდით და არ ვითხოვთ - ჩვენ ვიმარჯვებთ და თავად ვქმნით ამ გამარჯვებას. 417 დღე. უკვე დიდი გზა გავიარეთ. შესაძლოა ყველაზე რთული წინ გველის. ჩვენ ამას დავძლევთ. და ერთად შევხვდებით განთიადს.

ლურჯ-ყვითელი დროშა აუცილებლად აღიმართება ღვთისგან ბოძებულ ჩვენს მიწაზე, ეშმაკების მიერ დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიაზე. ჩვენი დროშა იფრიალებს აზოვის ზღვის სანაპიროებზე და მდინარე სივერსკი-დონეცის ნაპირებზე, აი-პეტრის მწვერვალზე. მზე გაანათებს სამხრეთით, აღმოსავლეთით და მზე გაანათებს ყირიმში. მსოფლიო ხედავს ჩვენს გამბედაობასა და უძლეველობას. მტერი ხედავს ჩვენს ძალასა და მონდომებას. და ამიტომ, უკრაინა იხილავს გამარჯვების შუქს.

ამის რწმენა ყველას გვაერთიანებს, ყოველთვის, მაგრამ განსაკუთრებით დღეს, აღდგომას, რომელიც უკრაინელებისთვის ყოველთვის ოჯახური დღესასწაული იყო, სითბოს, იმედისა და დიდი ერთიანობის დღე. ომმა ვერ წაგვშალა ჩვენ, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი დღესასწაულები.

სადაც არ უნდა აღვნიშნავდეთ აღდგომას, სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა თითოეული ჩვენგანი, აღდგომას ყველანი ვზეიმობთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, უკრაინელები. ერთი დიდი სახლი გვაქვს - უკრაინა. და ერთი დიდი მიზანი გვაქვს - გამარჯვება ყველასთვის. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები