26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
დაიშლება თუ არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - რამ გამოიწვია დაპირისპირება პარტიაში

პარტია პარტიაში და ერთობადაკარგული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - მოქმედს ყოფილი ემიჯნება. ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად კახეთის გზატკეცილიდან სარაჯიშვილის ქუჩაზე ინაცვლებს. ნიკა მელიას თანამოაზრეები ამბობენ, რომ არაფორმალური მმართველობის პირობებში, პარტიაში კარჩაკეტილობის პრობლემა დგას როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს ახალი ოფისი გაეხსნათ - სამუშაო სივრცე, სადაც, მათივე განმარტებით, ლევან ხაბეიშვილისგან იგნორირებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმუშავებენ.

მელიას გადაწყვეტილებამ ლევან ხაბეიშვილი გააბრაზა, დაპირისპირებული მხარე კი თავდასხმაში დაადანაშაულა. მეტიც, ახლა ხაბეიშვილის ფრთა ნიკა მელიას და მის მომხრეებს ურჩევს, ახალი პარტია შექმნან. ლევან ხაბეიშვილი ყოფილ კონკურენტს იმავე ბრალდებებს უყენებს, რომელშიც მას წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვითონ მელია ადანაშაულებდა - პარტიის შიგნით ახალი მოძრაობის შექმნის მცდელობა და სახელისუფლებო ნარატივი. ეს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გავრცელებულ განცხადებაშიც წერია. მენეჯმენტი დაპირისპირებულ მხარეს ურჩევს, არჩევნების შედეგები აღიაროს.

პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ არის პრობლემური ხაბეიშვილის გუნდისთვის ახალი ოფისის გახსნა, როდესაც მათ პარტიის შიგნით თავადვე შექმნეს ანტიკორუფციულ მოძრაობა. შეახსენეს მენეჯმენტით უკმაყოფილების გამო, თავმჯდომარის არჩევნების მათი საჯარო მოთხოვნაც. ამბობენ იმასაც, რომ მაშინდელი თავმჯდომარისგან განსხვავებით, ხაბეიშვილი პარტიაში ახლა განსხვავებულ აზრს დევნის. მელიას გუნდში განმარტავენ, რომ ამ ახალ ოფისში ობიექტური გარემოებები გამო გადავიდნენ, რადგან მათთვის ცენტრალურ ოფისში მენეჯმენტმა შეკრების სივრცე აღარ დატოვა.

არის თუ არა ახალი ოფისის გახსნა ახალი პარტიის შექმნის წინაპირობა - ამას ნიკა მელიას გუნდი უარყოფს. ყოფილი თავმჯდომარე და მისი თანამოაზრეები "ნაციონალურ მოძრაობას" არ დატოვებენ. აანონსებენ პარტიის გაჯანსაღებას, რისთვისაც ცენტრალური ოფისის ნაცვლად, უკვე ახალი ლოკაციიდან იბრძოლებენ.

ერთად თუ ცალ-ცალკე - მმართველი გუნდი უკვე დარწმუნდა, რომ არავითარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დაპირისპირების გამწვავება პარტიის შიგნით პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა.

დღის ამბები