26 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
მოსამართლეთა ნაწილი უარს ამბობს შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე  - დიმიტრი გვრიტიშვილი მათი მხრიდან სოლიდარობაზე საუბრობს

სამი ქართველი მოსამართლე უარს ამბობს შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტზე, ორი მიდის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლეების დემარშს სოლიდარობის აქტს უწოდებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ნანა ჯოხაძე, თამარ ბეჟანიშვილი და კონსტანტინე კოპალიანი შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის მიერ სანქცირებული კოლეგების გამო არ მიდიან.

გვრიტიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, ქართველი მოსამართლეების მიმართ დამამცირებელ საქციელსაც უწოდებს. ამერიკის დიპლომატიური მისიის ცნობით, 10 ქართველი მოსამართლე, 7 სხვადასხვა სასამართლოდან უკვე იმყოფება აშშ-ში საქმიანი ვიზიტით. კიდევ 5 უახლოეს დღეებში უნდა გამგზავრებულიყო.

ნანა ჯოხაძე, თამარ ბეჟანიშვილი და კონსტანტინე კოპალიანი ის სამი მოსამართლეა, რომლებმაც ამერიკაში წასვლაზე უარი განაცხადეს. ნანა ჯოხაძე ამბობს, რომ მთავარი მიზეზი სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაა, რომელიც მისთვის მტკიცებულებებს მოკლებულია. ჯოხაძე, ბეჟანიშვილი, კოპალიანის გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების და მოსამართლეების ნაწილი მიესალმება. სერგო მეთოფიშვილმა, ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ გული წყდება ანალოგიურ შესაძლებლობას, რომ მოკლებულია.

მოსამართლეების ნაწილის გარდა, კონკრეტულ მტკიცებულებებს ამ დრომდე ელოდებიან პოლიტიკოსებიც. 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის, ასევე მათი ოჯახის წევრების დასანქცირების შესახებ წერილი, გამოაქვეყნა ”ხალხის ძალამ”. საზოგადოებრივი მოძრაობა ამერიკის საელჩოს ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ყოფილი მოსამართლის მამუკა ახვლედიანის და ნიკა გვარამიას საუბარს იხსენებენ და ამბობენ, რომ ახვლედიანი კორუფციაში იყო ჩართული. წერილის ავტორების აცხადებენ, რომ ახვლედიანმა დიდი ოდენობის ქონება საეჭვო გარიგებების შედეგად დააგროვა და ამის მაგალითად თითქმის 2 მილიონ ნახევრად შეძენილ სპორტ სკოლა ”ოლიმპზე” აკეთებენ აქცენტს. ”ხალხის ძალის” წერილის ადრესატი, ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

საკუთარ ინფორმაციის სიზუსტეში, დარწმუნებული არიან ”ხალხის ძალაში”. საზოგადოებრივ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ახვლედიანის შემთხვევაში მტკიცებულებები აშკარა იყო, თუმცა შტატებმა ამ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა.

საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად, მმართველი გუნდისთვისაც პარტნიორი ქვეყნის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი მეტ დასაბუთებას მოითხოვს. ”ქართულ ოცნებაში” არ უკვირთ, რომ მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების ნაწილის კორუფციაში დადანაშაულება მათივე კოლეგების მხრიდან გაპროტესტებული იქნებოდა.
ოპოზიციის ნაწილი კი, არ გამორიცხავს, რომ ამერიკული სანქციები გაფართოვდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე დღეს კიდევ ერთი განმარტების გაკეთება მოუწია საქართველოში ამერიკის ელჩს. კელი დეგნანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესება, სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვიტა.

სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, სანქცირებული მოსამართლეების ნაწილი უკვე ემზადება. სამართლებრივი დავისთვის პროცედურებს გადის ირაკლი შენგელია, თუმცა ცნობილია, რომ ის ამ დავაში მარტო არ იქნება და ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში სარჩელს, მურუსიძე, ჩინჩალაძე ცერცვაძეც შეიტანენ.

დღის ამბები