მკვლელობა ბაღდათში - 60 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით 47 წლის მამაკაცი მოკლა და 21 წლის ახალგაზრდა დაჭრა. გოჩა კუპრაშვილი სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩაბარდა.
სისხლის კვალი დანაშაულის ადგილს ამ დრომდე ეტყობა. მკვლელი გოჩა კუპრაშვილი მოკლული კი სოსო გიორგაძეა. ირკვევა ისიც თუ, რა გახდა ჯერ სიტყვიერი დაპირისპირების, შემდგომ კი, მკვლელობის მიზეზი. ადგილობრივები ყვებიან, რომ დანაშაული თანხას უკავშირდება. სოფელში ამბობენ, რომ მოკლულის ოჯახს ბრალდებულის ვალი ჰქონდა. "კურიერის" ინფორმაციით, გიორგაძე კუპრაშვილს თანხას არ უბრუნებდა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.
სოსო გიორგიძე თავში მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. თანმხლებმა პირმა გაქცევა მოასწრო, თუმცა ტყვია მასაც მოხვდა. გიორგი მსხილაძე კლინიკაში მხარის არეში გამავალი ჭრილობით შეიყვანეს.
ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. საქმეში ნივთმტკიცებად უკვე დევს დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი, რომელიც პოლიციამ მკვლელის სახლიდან ამოიღო.
დაკავებულს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. ბრალის დაზუსტების შემდეგ საქმის განხილვას სასამართლო დაიწყებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.