26 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
სააკაშვილის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა - რატომ არ ენდობა "ნაციონალური მოძრაობა" "ლიმბახის" ლაბორატორიის დასკვნას

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორიგი კვლევა ლიმბახის გერმანულმა ლაბორატორიამ, ვივამედის კლინიკის თხოვნის საფუძველზე ჩაატარა და დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მძიმე მეტალებით როგორიცაა დარიშხანი, ვერცხლისწყალი და ტყვია, მოწამლული არ არის. როგორც პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, კვლევის მიზეზი იმ ინფორმაციის გაქარწყლება გახდა, რომელიც სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან არსებობდა. მალხაზ ურთმელიძის თქმით, ახალი ანალიზების მიხედვით, სააკაშვილის ორგანიზმში მეტალების რაოდენობა ნორმაშია.

ლიმბახის ლაბორატორიის კვლევა ღამის კურიერში შეაფასა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ამ ფაქტის გასაჯაროვებით, მსჯავრდებული პატიმრის გარემოცვის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანია, წარუმატებლად დასრულდა.

თავად გიორგი ჩალაძემ, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელია, საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მის მსგავსად გერმანული ლაბორატორიის კვლევის შეფასებაზე უარი თქვეს სააკაშვილის ადვოკატებმაც. შალვა ხაჭაპურიძემ თქვა მხოლოდ ის, რომ ამ დოკუმენტს არ იცნობს.

ენდობა თუ არა ”ნაციონალური მოძრაობა” ლიმბახის ლაბორატორიის კვლევას - კონკრეტულად პარტიაში არაფერს ამბობენ, განმარტავენ მხოლოდ ერთს, რომ ისინი ამერიკელი ექსპერტების იმ დასკვნებს იზიარებენ, სადაც სააკაშვილის მოწამვლაზეა საუბარი.

”ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ გერმანული ლაბორატორიის დასკვნამ სააკაშვილის გარემოცვის გეგმები - მძიმე მდგომარეობის მოტივით მომხდარიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, ჩაშალა. მმართველ პარტიაში კვლავ ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი კლვავ თვითადზიანების რეჟიმშია

ექსპრეზიდენტის ოჯახი, ინტერესების დამცველები და პარტია თვეების განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ვივამედის მიერ მოთხოვნილი გერმანული ლაბორატორიის კვლევებით კი ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

დღის ამბები