26 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"ჩემი კოლეგების სანქცირების გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი იყო" - რატომ აცხადებს უარს აშშ-ში დაგეგმილ, სასწავლო ვიზიტით წასვლაზე მოსამართლე ნანა ჯოხაძე

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ინფორმაციით, 22-30 აპრილს აშშ-ში დაგეგმილ ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტში წასვლაზე ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ – ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, "კურიერი" დაუკავშირდა ნანა ჯოხაძეს.

როგორც ნანა ჯოხაძე აცხადებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისი კოლეგების სანქციერება შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია. შესაბამისად, ნანა ჯოხაძის მხრიდან ეს ერთგვარი სოლიდარობის აქტია.

"შექმნილი ობიექტური მდგომარეობის გამო, უარს ვაცხადებდი წასვლასთან დაკავშირებით, ასევე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ჩემი კოლეგების და მით უფრო მათი ოჯახის სანქცირების გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი იყო პირადად ჩემთვის. მტკიცებულებების, ფაქტების გარეშე კორუფციაზე საუბარი მიუღებელია, უდანაშაულობის პრეზუმფციის ელემენტარული დარღვევაა. ასევე, აქ მთავარი და მნიშვნელოვანია თუ რა გზავნილია თითოეული მოსამართლისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მოსამართლე საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას, კანონს, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე ან რაიმე ზეგავლენა მოახდინოს მასზე. ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება, დაუსაბუთებელი ბრალდებებით ჩემს მიერ აღქმულია, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი და აქედან გამომდინარე, უარი განვაცხადე წასვლასთან დაკავშირებით," - აცხადებს ნანა ჯოხაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა შტატების ტერიტორიაზე შესვლა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს აუკრძალა. ისინი არიან მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. პარალელურად თემა ისევ რჩება პოლიტიკური განხილვის საგანი.

 

დღის ამბები