26 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სანქცირებული კოლეგების მიმართ სოლიდარობაზე საუბრობს - დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სანქცირებული კოლეგების მიმართ სოლიდარობაზე საუბრობს.

როგორც მან განაცხადა, მოსამართლეებმა- ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადეს. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ეს ერთგვარი საპუხო სოლიდარობის აქტია ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე.

"ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქტი ამ მოსამართლეების მხრიდან, მათი დასანქცირებული კოლეგების მიმართ. საფუძველი მომცა იმან, რომ როდესაც ლაშა ჩხიკვაძის მსგავსი შემთხვევა გვქონდა, თუ როგორ გაბედა და როგორ ისაუბრა ღიად აშშ-ის წარმომადგენლობისგან მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, და მაშინ, როდესაც ერთგვარად ლაშა ჩხიკვაძეც დაასანქცირეს, დანარჩენმა მოსამართლეებმაც სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს გამგზავრებაზე. ამიტომ ვვარაუდობ, რომ იგივე ფაქტთან გვაქვს საქმე. უბრალო იურიდიული ჭეშმარიტებაა ის, რომ ბრალდებული საკუთარ უდანაშაულობას კი არ ამტკიცებს, არამედ, როდესაც მას ბრალს დასდებენ, ბრალმდებელი ამტკიცებს, რომ ეს ბრალდება არის საფუძვლიანი. კონკრეტულ ფაქტებს და მტკიცებულებებს დღემდე ახალს ვერ ვიგებ. ის კითხვები ისევ მაქვს, თუ რა კონკრეტულ ფაქტებს მტკიცებულებებს ემყარება ეს უმძიმესი ბრალდება და მე ვფიქრობ, რომ ვერც საზოგადოებამ ვერ მიიღო ამ კითხვაზე პასუხი," - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა შტატების ტერიტორიაზე შესვლა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს აუკრძალა. ისინი არიან მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. პარალელურად თემა ისევ რჩება პოლიტიკური განხილვის საგანი.

დღის ამბები