26 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა - სოციალურად დაუცველები სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, თანხას საერთოდ არ გადაიხდიან

პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები უკვე განხორციელდა და მთავრობამ შესაბამისი დადგენილებაც გამოსცა. სოციალურად დაუცველები სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, თანხას საერთოდ არ გადაიხდიან. პენსიონერის თანადაფინანსების წილი არა უმეტეს 500 ლარი იქნება, 5 წლამდე პატარების, 18 წლამდე მოზარდებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 1000 ლარამდე. მათთვის კი ვისი შემოსავალიც ყოველ თვე 3500 ლარზე ნაკლებია, თანადაფინანსება არა უმეტეს 1500 ლარით განისაზღვრა.

სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვრის დაწესება, კლინიკების შემთხვევაში მხოლოდ პაციენტების რიცხვს გაზრდის. "ხეჩინაშვილის" კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ფინანსური ცვლილებები მათ ბიუჯეტზე არ აისახება. ოპერაციის ღირებულებას, რომელსაც მოსახლეობა დღემდე იხდიდა, საყოველთაო პროგრამაში ჩართულ საავადმყოფოებს მთავრობა გადაუხდის.

ჯანდაცვის ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საყოველთაო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები, სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო. ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა მნიშვნელოვანია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მომსახურების ახალი წესით სარგებლობა ხვალიდან უკვე შესაძლებელია.

დღის ამბები