26 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
საქართველოს მთავრობა ემორჩილება და პატივს სცემს საერთაშორისო სანქციებს და ექსპორტის კონტროლს

"საქართველოს მთავრობა ემორჩილება და პატივს სცემს საერთაშორისო სანქციებს და ექსპორტის კონტროლს. სასიამოვნოა იმის განცდა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში, გვაქვს შესაძლებლობა მათ დავეხმაროთ, რომ საქართველო არ გახდეს შავი ხვრელი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად" - ამის შესახებ აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა არუნ ვენკატარამანმა ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკა"-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე - რამდენად მუშაობს საერთაშორისო სანქციები რუსეთზე, არუნ ვენკატარამანმა განაცხადა, რომ ამერიკა ამაყობს იმ ძლიერი კოალიციით, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ძალისხმევით შედგა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანონო აგრესიას უკრაინაში.

"ექსპორტის კონტროლი და სანქციები ამის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთანაც იმისთვის, რომ რუსეთის ომის მანქანამ შეწყვიტოს მოქმედება," - აღნიშნა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისივე შეფასებით, ეს წინააღმდეგობა მუშაობს.

"ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გავზრდით ფასს პუტინისთვის, რომელიც აგრძელებს უკანონო აგრესიას. გვიხარია, რომ ჩვენს ძალისხმევას წარმატება მოაქვს. რუსეთის ომის მანქანა შენელებულია და რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის სიმამაცე და მედეგი წინააღმდეგობა ამ სურათის საკვანძო ნაწილია. ჩვენც მზად ვართ, მათ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერი ფორმით, რაც ჩვენ შეგვიძლია, მათ შორის, ექსპორტის კონტროლისა და საერთაშორისო სანქციების გზით ისეთ მეგობრებთან ერთად, როგორიც საქართველოა," - აღნიშნა აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილემ.

დღის ამბები