26 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
"შეიძლება იქნას შემუშავებული სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო, რომელიც გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას" - ნინო ქადაგიძე

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად მისი მოთხოვნისა, მას არ მიაწოდეს არანაირი მტკიცებულება, თუ რის საფუძველზე მოხდა აშშ-ს მხრიდან რამდენიმე ქართველი მოსამართლის სანქცირება.

ნინო ქადაგიძე ამ გადაწყვეტილებას "პოლიტიკურ ვნებებს" უკავშირებს და აცხადებს, რომ პრემიერთან ისაუბრა ისეთი ნორმატიული ჩარჩოს შემუშავების აუცილებლობაზე, რომელიც, ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა და არის ამის მცდელობა, გადმოინაცვლოს სასამართლოში. სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგებარი გადაწყვეტილება, რაც მიღებულ იქნა. არცერთ ეტაპზე, ისეთი რეალური, ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე.

პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად მე არ მომეწოდა არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები იმის თაობაზე, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების დადანაშაულების საფუძველი. ვიქნები მათი და თითოეული ჩემი და ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობის და თავისუფლების გარანტორი. მე ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი მათთან ურთიერთობაში. მე მივიჩნევ, რომ დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც მე ვითხოვ უკუგებას მათგან. ამიტომ, შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ამისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მივიჩნევ, რომ შეცდომის აღიარება, ეს არის მხოლოდ ძლიერის თვისება და, აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი თანამდებობის, ან უწყებების მხრიდან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება.

დამატებით ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ჩვენ პრემიერსაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას,"- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.

 
დღის ამბები