26 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
უკრაინაში ომის 408-ე დღეს, ხერსონი, სუმი და დონეცკი ის სამი მიმართულებაა, რომელსაც ახლა რუსული საოკუპაციო ძალები ყველაზე აქტიურად ბომბავენ

უკრაინაში ომის 408-ე დღე დასასრულს უახლოვდება - ხერსონი, სუმი და დონეცკი - ეს ის სამი მიმართულებაა, რომელსაც ახლა რუსული საოკუპაციო ძალები ყველაზე აქტიურად ბომბავენ. ბრძოლები მიმდინარეობს ნიკოპოლთანაც, სადაც ბოლო იერიშის შედეგად 15 ადამიანი მძიმედ დაშავდა. რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლას კი გუშინ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. არსენ ქეცბაია 41-ე ქართველი, რომელიც ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა.

უმძიმესი ბრძოლებია ბახმუტშიც, რომლის დაცვას კიევი ყველა საშუალებით ცდილობს. ქალაქში ორივე არმიას გარდამავალი უპირატესობა აქვს, თუმცა ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ცენტრამდე მიღწევა შეძლეს.

მცირე საბრძოლო წარმატებები კი მოსკოვს საკმაოდ ძვირი უჯდება. ე.წ. ვაგნერელების მეთაურმა მორიგი ვიდეო მიმართვა ჩაწერა იმ სასაფლაოს ფონზე, რომელზეც ასობით ვაგნერელია დასაფლავებული. ბახმუტშიც და სხვა მიმართულებებზეც შესაძლოა კიევმა უახლოეს რამდენიმე კვირაში კონტრშეტევები დაიწყოს, უცხოურ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია კიდევ უფრო გაამყარა ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებამ. ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინა კონტრშეტევებს ძალიან მალე დაიწყებს.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს შეტევა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე. აქ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მიწასთან არის გასწორებული. მძიმედ დაშავდა 15 მშვიდობიანი ნიკოპოლის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე. შეტევას თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულ პოზიციებზე კონტრიერიში მოჰყვა.

კრიტიკულად მძიმე ვითარება რჩება ბახმუტში. დიდი ბრიტანეთს დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა მდინარე ბახმუტკის დასავლეთი ნაწილი აიღეს და ქალაქის ცენტრისკენ წინსვლას ცდილობენ. ამას გაერთიანებულ სამეფოში ე.წ ვაგნერის ბატალიონის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთობების შესაძლო დათბობით ხსნიან. თუმცა, რუსულ მედიასთან დაქირავებულ მებრძოლთა მეთაურის უკანასკნელი აუდიო ინტერვიუ საპირისპიროზე მიუთითებს.

კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას ხაზს უსვამს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუ, მისი მოწვევით ანკარაში ჩასულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა.

უცვლელია ოფიციალური კიევის პოზიციაც. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საკუთარი მიწით ვაჭრობას არ აპირებს. დასავლეთი კი უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ამის საჭიროება იქნება - ეს თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაამატა ისიც, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში კიევი მასშტაბურ კონტრშეტევას დაიწყებს.

დღის ამბები