26 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
"მოპოვებულ იქნა სანდო ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები ბოროტად იყენებენ თანამდებობას კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობით" - ვედანტ პატელი სანქცირებულ მოსამართლეებზე

საქართველოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში დღესაც იყო. ბრიფინგი ვაშინგტონში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე აცხადებს, რომ კონკრეტული გვარების სანქცირებულთა სიაში შეყვანა სარწმუნო და დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა და შეგროვდა სხვადახვა და მათ შორის, ღია წყაროების საშუალებით. 

ვედანტ პატელი იმეორებს, რომ სანქცირებული პირები მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია მათ თანამდებობებთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ამ ტიპის პირების პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, თავის ხელთ არსებული მთელი რიგი ინსტრუმენტების გამოყენებას გააგრძელებს.  

"ამერიკელი ხალხი თავიდანვე სოლიდარული იყო ქართველი ხალხის და მათი სურვილის მიმართ - იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც ვმუშაობთ საქართველოს საერთო ხედვისკენ, იყოს სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ქვეყნებში და იყოს ევროპის ნაწილი, სრულიად თავისუფალი და მშვიდობიანი. კონკრეტულად ის სახელები, რომლებიც გუშინ გამოვაცხადეთ, გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს პირები მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო თანამდებობებთან. ამ კორუფციამ შეარყია კანონის უზენაესობა საქართველოში. ეს ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს. ამან დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ოფიციალური პირების მიმართ. როგორც უკვე ვთქვით, ინფორმაცია გროვდება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ღია წყაროდან, და ჩვენ გვაქვს ძალიან სანდო ინფორმაცია იმის დასაჯერებლად, რომ ამ კორუფციაში მნიშვნელოვანი ჩართულობა მოხდა. მოპოვებულ იქნა სანდო ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები ბოროტად იყენებენ თავიანთ საჯარო თანამდებობას კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობით. შეერთებული შტატები გააგრძელებს მის ხელთ არსებული მთელი რიგი ინსტრუმენტების გამოყენებას ამ ტიპის პირების პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით," - აცხადებს ვედანტ პატელი.

დღის ამბები