26 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე, რომლებიც ვაშინგტონმა სანქცირებულთა სიაში ჩასვა - რა არგუმენტები აქვთ სანქცირებულ მოსამართლეებს სიმართლის დასამტკიცებლად

დასანქცირებიდან მეორე დღეს, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გამოჩნდა. სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აზრით, მისი, ჩინჩალაძის, ცერცვაძისა და შენგელიას სავიზო შეზღუდვა სხვა მოსამართლეებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალია, რითაც შტატების საელჩო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას ცდილობს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვების შეცვლას მურუსიძე არ ელოდება. დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 3 მოქმედ და 1 ყოფილ მოსამართლეს, აგრეთვე მათ ოჯახის წევრებს, ამერიკაში შესვლას უკრძალავს, ენტონი ბლინკენის მიერ არის ხელმოწერილი. მიუხედავად ამისა, ლევან მურუსიძე დარწმუნებულია, რომ ქართულ სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის სურვილი პირადად ელჩ კელი დეგნანს ჰქონდა. მოსამართლემ ისიც თქვა, რომ მუქარისა და შანტაჟის კონკრეტული მტკიცებულებები აქვს. ლევან მურუსიძე, ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან მის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერაზე საუბრობს.

სახელმწიფო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდა ვალერიან ცერცვაძე, რომელიც 2019 წლიდან მოსამართლე აღარ არის. 2019 წელს, მის წამოსვლამდე, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა მკვეთრად პოზიტიურად იყო შეფასებული. ცერცვაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დასანქცირების მოტივი გაურკვეველია და სავარაუდოდ ის ამ სიაში შეცდომით მოხვდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ. სხდომის დაწყებამდე საბჭოს თავმჯდომარემ კორუფციის ბრალდებასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენაც ისურვა. სავიზო შეზღუდვის შერჩევის პრინციპი გაუგებარია დიმიტრი გვრიტიშვილისთვისაც. საბჭოს წევრი დასახელებულ ბრალდებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

დღეს მედიასთან არ გამოჩენილა და არც სოციალურ ქსელში გამხმაურებია დაწესებულ სანქციებს მიხეილ ჩინჩალაძე. 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გუშინ გავრცელდა. სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს ეხება. შეზღუდვები შტატების ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით მოსამართლეების ოჯახის წევრებსაც შეეხება. ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში, რითაც სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს აზიანებდნენ.

ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებს წლებია იკავებენ. ლევან მურუსიძე 2006 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, 20018 წელს კი სააპელაციო სასამართლოში უვადოდ აირჩიეს, მურუსიძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც. მის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა მიხეილ ჩინჩალაძეც, ის 2022 წლის ივლის ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით იქნა არჩეული. ჩინჩალაძის მოადგილეა სააპელაციო სასამართლოში ირაკლი შენგელია. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, მან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა 2017 წელს ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა.

დღის ამბები