26 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია გახდება ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირისთვის - პაველ ჰერჩინსკი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს თბილისში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და გულისხმობს 1,195 კილომეტრის სიგრძის კაბელით რუმინეთთან დაკავშირებას, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პირველადი შესწავლის შედეგებს მალე კოლეგებს გაუზიარებს.

"შარშან დავიწყეთ მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები, გვაქვს პირველი შესწავლის შედეგები, რომლებსაც გავუზიარებთ კოლეგებს და ვიმსჯელებთ პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპებზე. ამ ეტაპზე გვაქვს ტექნიკური კვლევები ჩატარებული, რაც პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა," - აცხადებს დავითაშვილი. 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია გახდება ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირისთვის.

"ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც, იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროექტს და გვინდა, რომ მას ჰქონდეს რეგიონული მოსშტაბი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია გახდება ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირისთვის," - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები