26 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
"ქართული ოცნების" გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს დატოვეთ ეს გემი, ჯერ კიდევ გაქვთ დრო - გიორგი ვაშაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

მოსამართლეების დასანქცირებაზე დილიდან ოპოზიციური პარტიები ბრიფინგებს მართავენ და განცხადებებს აკეთებენ. 

"სანქცირებულია 4 მოსამართლე, მაგრამ კიდევ მეტს მოუწევს სანქცირება თუ ისინი ხალხის ნების გაყალბებას შეეცდებიან. "ქართული ოცნების" გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს დატოვეთ ეს გემი, ჯერ კიდევ გაქვთ დრო. ეს იყო მთავარი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. კიდევ გაქვთ დრო დაიწყოთ ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის. არ მოგვადუნოს ამ მცირე გამარჯვებებმა, საბოლოო გამარჯვება წინ არის,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე კი შემთხვევას უპრეცედენრტოს უწოდებს.

"უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც ერთი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებას უკეთებს სხვა ქვეყნის მოსამართლეებს, ალბათ ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. ეს მხოლოდ მოსამართლეების სანქცირება კი არ არის, არამედ ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა. ქვეყანა ხარ და ვერ აგირჩევია მოსამართლე და ოკეანის გაღმიდან გეუბნებია, რომ ისინი ვინც შენ აირჩიე ცუდი მოსამართლეები არიანო"- აღნიშნავს ფრიდონ ინჯია.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.

დღის ამბები