ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ და ამბობენ, რომ დეპოლარიზაციის წყარო ამ ქვეყანაში "ქართული ოცნებაა".
"ამ ქვეყანაში "ქართული ოცნების" პირობებში, დეპოლარიზაცია ვერ განხორციელდება, რადგან მათ არაფერი სხვა საყრდენი, გარდა პოლარიზაციისა და სიძულვილის ენისა, არ გააჩნიათ," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამდაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ ევროპელებს პრობლემა "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" აქვთ და არა სხვა ქართველ პოლიტიკოსებთან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაში წერია, რომ "საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გზაჯვარედინზეა".
კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროსაბჭოს წევრები მოუწოდებენ "საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდი აუარონ ვიწრო პარტიულ ინტერესებს და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან". ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის" კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე. თანამომხსენებლები ხაზს უსვამენ სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი.