"საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გზაჯვარედინზეა" - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ "ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ, ქვეყანაში მრავალი რეფორმა განხორციელდა, თუმცა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში, აშკარად ჩანს, რომ რეფორმების პროცესი ჩერდება."
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროსაბჭოს წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, "დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდი აუარონ ვიწრო პარტიულ ინტერესებს და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან".
განცხადებაში მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს წევრები საქმის იურიდიულ ასპექტებზე კომენტარს არ აკეთებენ, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებასა და სააკაშვილის ოჯახს, შეთანხმდნენ უცხოელ ექიმებთან წვდომის შესაძლებლობაზე.
"მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ქონდეს წვდომა ნეიტრალურ, სანდო და უტყუარ ინფორმაციაზე." - ნათქვამია განცხადებაში.