26 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს საჩივარი სტრასბურგში ჯერ კიდევ არ გაუგზავნიათ - ვის რა პოზიცია აქვს ექსპრეზიდენტის გარემოცვიდან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჩივარი ევროპულ სასამართლოში დღესაც არ გაგზავნეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პატიმრის გადაწყვეტილებას ელოდება. შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, ექს-პრეზიდენტის ნებართვის გარეშე სტრასბურგში საჩივარს არ გაგზავნის. 

ადვოკატი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მთავარ მტკიცებულებად სამედიცინო ისტორიას ასახელებდა, ახლა ამბობს, რომ დოკუმენტი ევროსასამართლოსთვის არ სჭირდება.

ადვოკატისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა დღეს მიხეილ სააკაშვილის დედას. გიული ალასანია სამედიცინო ისტორიის გარეშე საჩივრის გაგზავნის აზრს ვერ ხედავს.

პაციენტის სამედიცინო დოკუმენტებს, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბის ხელმძღვანელიც ითხოვდა. გიორგი ჩალაძე ამტკიცებდა, რომ კლინიკა ექსპრეზიდენტის მხარეს, საჩივრის მთავარ მტკიცებულებას არ აძლევდა. "ვივა მედის" მედიკოსების პასუხის და დოკუმენტის გადაცემის შემდეგ კი, ჩალაძეს დღეს ამ თემაზე ვრცლად საუბარი აღარ სურს.

ისევ აქტუალურია პოლონელი ექიმების საკითხიც. იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური, უცხოელი მედიკოსების ჩამოსვლის მოთხოვნით, სააკაშვილის ოჯახის მიმართვას ამ დრომდე ელოდება. უწყებამ არაერთხელ განმარტა, რომ ექსპრეზიდენტის დედის განცხადება ხარვეზებს შეიცავდა, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში მაინც თვლიან, რომ სპეციალისტების ჩამოსვლას სახელმწიფო აჭიანურებს.

სააკაშვილის მიზანმიმართულ თვითდაზიანებაზე საუბრობს მმართველი პარტია, რომელიც ექსპრეზიდენტს, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს.

ამ დრომდე უცნობია როდის მიმართავენ ექსპრეზიდენტის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს.

 

ავტორი: ანი ბუავა

დღის ამბები