26 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოვდივართ, მშვიდობა უალტერნატივოა - კახა კალაძე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე კომენტარები გაკეთდა მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდი საქართველოს მაგალითზე საუბრობს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, არსებობენ გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა, ამისთვის კი მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს მობილიზებული, რადგან მათი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი.

ამასთან, თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, მიუხედავად ბევრი მცდელობისა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

"მიუხედავად ძალიან ბევრი მოწოდებისა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოვდივართ - ამ დამოკიდებულებით ვიქნებით მომავალშიც, ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გავითვალისწინებთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მშვიდობა უალტერნატივოა. მშვიდობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს," - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ" -ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეფასებით, რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა. მისი თქმით, თურქეთის მიზანია უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და მყარი მშვიდობა იყოს მიღწეული.

დღის ამბები