26 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ქარისგან მოგლეჯილი ხეები, წაქცეული ელექტროგადამცემი ხაზები და სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები - ძლიერ სტიქიას აჭარაში მსხვერპლი მოყვა

ახდილი სახურავები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, წაქცეული ხეები, ჩამოშლილი ფასადები და კონსტრუქციებს შორის მოყოლილი ადამიანები, დაზიანებული რესტორნები და ბარები, დამტვრეული ავტომობილები - აჭარაში სტიქიის შედეგებს ითვლიან.

სტიქიას ჰყავს მსხვერპლიც. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. მანქანას მოგლეჯილი ხე დაეცა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

ძლიერმა ქარმა დაანგრია სახლებიც. მათ შორის ხის სახლი ჩაქვში, სადაც ნანგრევებში პენსიონერი მოჰყვა. 68 წლის ქალს ნგრევის დროს ხის ბოძი დაეცა. ის თავის არეში მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ზღვისპირა რეგიონს ძლიერმა სტიქიამ გადაუარა. რამდენიმე საათიანი ქარის შემდეგ, აჭარაში ზარალის შესწავლა დაიწყო. სალიკვიდაციო სამუშაოები ახლაც გრძელდება. ზარალის ოდენობა კი ჯერჯერობით უცნობია.

აქტიური აღდგენით სამუშაოები აქვთ დაწყებული რეგიონის ელექტროენერგიით მომმარაგებელ კომპანიებს. დასახლებების ნაწილში, სადაც დენი შეზღუდვით ან საერთოდ არ მიეწოდებათ, სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრია გურიაც. ქარმა საცხოვრებელი სახლები აქაც სახურავების გარეშე დატოვა. დანგრეულია ფასადები და აივნები. დაზიანებულია ავტომობილები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებულების დახმარების პირობა უკვე დადო.

აჭარისა და გურიის მსგავსად ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც. სტიქიამ სენაკში, რამდენიმე საცხოვრებელი შენობის - მათ შორის რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებლის სახურავი დააზიანა.

აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ზარალს შესაბამისი კომისიები ითვლიან.

დღის ამბები