26 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ გიული ასალასანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ექსპრეზიდენტის წონასთან დაკშვირებით, სიმართლეს არ შეესაბამება

მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ შვილის მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსების შერჩეული რაციონით კვება კი მისთვის შეუძლებელია. გიული ალასანია თქმით, სააკაშვილი დასუსტებულია და ის 58 კილოგრამს იწონის.

გიული ალასანიას გავრცელებული ინფორმაცია "ვივამედის" კლინიკური დირექტორის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტი სააკაშვილი 64 კილოგრამსა და 400 გრამს იწონის. მედიკოსის თქმით, ექსპრეზიდენტი ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინების ნაცვლად, რთულად მოსანელებელი და დაბალკალორიული საკვებით იკვებება, რომელიც ოჯახს მოაქვს. წონას მკაცრად აკონტროლებს და მატების შემთხვევაში, საკვების მიღებას წყვეტს.

საკუთარი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ექსპრეზიდენტიც და სახალხო დამცველს მიმართავს, რომ ხელი შეუწყოს კონსილიუმის ექიმების შესვლას კლინიკა "ვივამედში". განცხადება დღეს ლევან იოსელიანმაც გაავრცელა და თქვა, რომ კონსილიუმი საჭიროების შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა.

სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა და ფიქრობს, რომ კლინიკა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მიზანი წონაში კლებაა, რის გამოც ის შერჩევითად იკვებება და იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ დაბალ კალორიულ საკვებს. საპარლამენტო უმრავლესობა მოუწოდებს ექსპრეზიდენტის გარემოცვას არ წაახალისოს თვითდაზიანება.

 

ავტორი:ანუკი ბუავა

დღის ამბები