ერთი დღე მატჩამდე და მთავარი კითხვა - შეძლებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხე მცდელობაზე ნორვეგიის დამარცხებას. ხვალ, ქართველი ფეხბურთელები ბათუმი არენაზე სკანდინავიელების წინააღმდეგ სრული შემადგენლობით გამოვლენ, ბოლო მატჩის შემდეგ 24 წელია გასული და საქართველოს ნაკრებიც განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ეს კარგად იცის ნორვეგიის მთავარმა მწვრთნელმაც, ისევე როგორც ის თუ ვისი უნდა ეშინოდეთ მის ფეხბურთელებს. სტალე სოლბაკენს მატჩის წინა პრესკონფერენციაზე არ დაუმალავს რომ ნორვეგიამ ყველაზე მეტად სიფრთხილე ორ ქართველ ფეხბურთელთან უნდა გამოიჩინოს.
კვარაცხელიას თამაშს ელოდებიან იტალიელი ჟურნალისტებიც, რომლებიც ბათუმში სპეციალურად 22 წლის ქართველ ფეხბურთელზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩამოვიდნენ. იტალიელი სტუმრები დარწმუნებულები არიან, რომ კვარადონა ნორვეგიელებს გამარჯვების გოლს გაუტანს. ამის იმედი აქვს ქართველ გულშემატკივარსაც, რომელმაც მატჩზე დასასწრები ბილეთები ჯერ კიდევ გასულ კვირას სრულად შეიძინა. საქართველოსა და ნორვეგიის შეხვედრა ხვალ 20 საათზე დაიწყება.
2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები საბრძოლო განწყობით ხვდება. ევრო 2024 საკვალიფიკაციო ეტაპს გუნდი ნორვეგიასთან მატჩით იწყებს. ამ დრომდე, სკანდინავიელებთან ეროვნული ნაკრები სამჯერ დამარცხდა, თუმცა ბოლო მატჩის შემდეგ 24 წელია გასული.
ვილი სანიოლის განკარგულებაში 25 მოთამაშეა. სრულ მზადყოფნაშია და ნორვეგიის წინააღმდეგ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელიაც.
ნორვეგიის ეროვნული ნაკრები საქართველოში ლიდერის ერლინგ ჰაალანდის გარეშე ჩამოვიდა. მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი ტრავმირებულია. მიუხედავად ამისა სკანდინავიელები მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ.
ბათუმში დიდი მატჩის მოლოდინში არიან, ყველა ბილეთი გაყიდულია რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება. ბათუმში იმყოფება კალჩო ნაპოლის გადამღები ჯგუფიც, იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩა კვარაცხელიაზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ.
საქართველო - ნორვეგიის საფეხბურთო დაპირისპირება 28 მარტს 20 საათზე დაიწყება.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი