დღეს კვირაა და დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილით გადაადგილება თუ მოგიწიათ, ალბათ საცობში ვერ მოხვდებოდით. თუმცა სამუშაო დღეებში, ფაქტობრივად, ეს წარმოუდგენელია, დღის თითქმის ყველა მონაკვეთში, ავტომობილით, ერთი ქუჩიდან მეორეზე მოხვედრა იმდენად რთულია, რომ თუ მნიშვნელოვან საქმეზე მიდიხართ, რამდენიმე საათით ადრე უნდა დაიძრათ, ან ავტობუსით და მეტროთი ისარგებლოთ.
თბილისში, საცობების საკითხი კვლავ აქტუალურია. ქალაქში ძალიან ბევრი მანქანაა, რაც გზებზე შეფერხებებს იწვევს, მერია 12 პრობლემურ კვანძზე მუშაობს და ამავდროულად, მოგვიწოდებს, რომ მოკლე მანძილზე გადაადგილებისას პირად ავტომობილზე უარი ვთქვათ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვისარგებლოთ. დედაქალაქის მთავრობა მთავარ ფსონს სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად და სწრაფად გადაადგილებაზე დებს.
მარშალ გელოვანი, ლიუბლიანა, ბელიაშვილი, ჯავახეთი, ქერჩი, ცოტნე დადიანი, ვასაძე, გაბრიელ სალოსი, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირები, ზურაბ ჟვანიას მოედანი. ჯამში 12 ადგილი, თუმცა პრობლემური ქუჩების, გამზირებისა და მოედნების სათავეში ახლა ალექსანდრე ყაზბეგია.
ყაზბეგზე ახლაც საცობია, სარემონტო სამუშოები ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. იცვლება ინფრასტრუქტურა მალე აქ ე.წ. ბასლეინი მოეწყობა. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი დარწმუნებულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, უფრო სწრაფად იმგზავრებს.
დედაქალაქის მერია მთვარ ფსონს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დებს. სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი ამოცანაც სწრაფი და კომფორტული გადაადგილებაა. იმისთვის რომ დედაქალაქის ქუჩები საცობებისგან განიტვირთოს, აუცილებელია საზოგადოებამ მოკლე მანძილზე გადაადგილებისას პირად ავტომობილზე უარი თქვას.
საცობების პრობლემა თბილისის ყოველდღიურობაა, ვითარებას წლიდან წლამდე ავტომობილების გაზრდილი რაოდენობაც ართულებს, გამოწვევას კი დედაქალაქის ქუჩების გამტარუნარიანობა ვერ პასუხობს.
ავტორი:სანდრო კაჭახიძე.