26 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ორბელიანების სასახლეში ევროკავშირისა და CSRDG-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

დაჯილდოების ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

როგორც პრეზიდენტმა სოციალური მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, სწორედ ახალგაზრდების ასეთ ინიციატივებსა და წამოწყებებს შეუძლია ახალი სიცოცხლე შესძინოს რეგიონებს, რაც დღეს ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მე როგორც მესმის, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დანიშნულება არის ის, რომ სოციალური მეწარმეობის აზრი და კონცეფცია რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებამდე მიიტანონ და გააცნონ მათ ის, რისი საშუალებითაც ადამიანები თავის სოფელსა თუ თემში წარმოაჩენენ საკუთარ თავს, წარადგენენ საკუთარ ინიციატივებს და შემდგომში განახორციელებენ მას. თქვენი გზავნილი ძალიან ნათელი და მნიშვნელოვანია - თავისუფალ ადამიანს ყველაფრის შექმნა შეუძლია. საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი იმისთვის, რომ იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა და მისი ნებისმიერი შეზღუდვა თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის შეზღუდვაა. ამიტომ გილოცავთ თქვენს დღევანდელ წარმატებულ მცდელობებს და გისურვებთ, რომ მომავალშიც ასე წარმატებულად იაროთ, გაიტანოთ ძალიან ბევრი ინიციატივა და ამ ინიციატივებს ჰქონოდეს მომავალი და აღსრულებულიყოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საუკეთესო სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი ანა ახლოური გახდა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წეროვანის დევნილთა დასახლებიდან. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI) მხარდაჭერით ანა დაჯილდოვდა სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში.

CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 4 რეგიონიდან - ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და შიდა ქართლიდან შეარჩია. ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.

"დროა, სოციალურმა მეწარმეობამ მოიპოვოს ის აღიარება, რომელსაც იმსახურებს. სოციალური მეწარმეობა ძლიერი მექანიზმია სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ცვლილებების მისაღწევად, რომელსაც ის ინდივიდების, თემებისა და საზოგადოების გაერთიანების გზით ახერხებს. ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ახალგაზრდა ელჩების მოტივაციასთან, ინიციატივასა და ჩართულობასთან, რომლებიც ცვლილებებს თავიანთ თემთან აქტიური კომუნიკაციით ქმნიან. ეს თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამოქალაქო ჩართულობასა და ერთიანობაზე. ევროკავშირი მოხარულია, მხარი დაუჭიროს მსგავს საქმიანობებს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს თავიანთი საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც მოიცავდა ელჩების მუშაობის სპეციფიკას - იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ეთნიკურ ჯგუფებთან, სოფლებსა და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესს. 6 თვის განმავლობაში მათ 30-ზე მეტი შეხვედრა გამართეს, რის შედეგადაც 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ დღეს მეტი იცის სოციალურ მეწარმეობაზე.

"ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი ევროპული მომავალია, ევროპისაკენ მიმავალ გზაზე კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ახალგაზრდობა - ძალა, რომელიც რეალური ცვლილებების ინიციატორია. ახალგაზრდების ჩართვა ჩვენს პროგრამაში, როგორც ჩვენი სოციალური მეწარმეობის ელჩებისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად“, - აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში მიმდინარეობდა. პროექტში მონაწილეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა იაგო წიკლაურმა გადასცა.

დღის ამბები