26 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე - პრემიერის მოსმენა პარლამენტში  ურთიერთბრალდებებით წარიმართა 

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია და 5 საათიანი სიტყვა პასუხი პარლამენტის სხდომათა დარბაზში - პრემიერმა პარლამენტის მთავარი ტრიბუნიდან არაერთი განცხადება გააკეთა.

9 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ წინასწარ გაგზავნილი კითხვები უსაფრთხოების თემებს ეხებოდა, თუმცა ინტერპელაციის ავტორების შეფასებით, საკითხი მთავარ შინაარსს გასცდა.

პრემიერს მიმართვის ადრესატებმა დარბაზიდანვე უპასუხეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურს ტონი დაუწუნეს. თქვეს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას სწორედ პოლარიზაცია უშლის ხელს.

"ქართული ოცნების" წევრებმა ოპოზიციას ევროპელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების შეფასებების გაცნობისკენ მოუწოდეს. აქცენტი საქართველოს პროგრესზე გააკეთეს და თქვეს, რომ ქვეყნის მთავარი ამოცანა სწორედ ევროპული ოჯახის წევრობაა.

მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილმა, დღეს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, ქვეყნის უსაფრთხოების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა. პირველ რიგში კი, ხელისუფლებისგან მთავარი მტრის განსაზღვრა მოითხოვეს.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა ოპონენტებს პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან კონკრეტული ფრაგმენტები მოასმენინეს. "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყანა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველოს ხელისუფლება კი, მათივე განმარტებით, სწორი და გონივრული პოლიტიკით მოქმედებს.

კიდევ ერთი თემა, რაზეც სხდომათა დარბაზში მწვავე განცხადებები ისმოდა, 7-9 მარტის მოვლენებს ეხებოდა. ოპოზიციამ ყურადღება პრემიერ-მინისტრის მხრიდან სტუდენტების მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე გაამახვილა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რას გულისხმობდა განცხადებაში, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ "ფრანკლინის კლუბის" წევრებთან დაკავშირებით გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის დასრულებამდე კიდევ ერთხელ მიმართა ოპონენტებს და სხდომათა დარბაზში ისევ გაიმეორა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერის გამონათქვამები და კრიტიკა ხშირად ლიბერალიზმს სცდება და ნეოფაშისტურია.

პრემიერ-მინისტრი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ინტერპელაციის წესით დღეს პირველად მივიდა.

დღის ამბები