26 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ბაჩუკი ქარდავა და ხატია დეკანოიძე ენმ-ს დატოვებაზე ფიქრობენ - გადაწყვეტილება სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი

ბაჩუკი ქარდავა და ხატია დეკანოიძე ფიქრობენ, რომან გოცირიძე კი პარტიიდან უკვე გავიდა-ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში სულ უფრო მეტ ხმას კარგავს, მიზეზი კი ამჯერადაც პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირებაა. ქარდავა-დეკანოიძის დუეტისთვის ბოლო წყალგამყოფი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება აღმოჩნდ. ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე და ნაციონალებთან კოალიციაში მყოფი ედეპე - ს ლიდერი ახლა გამიჯნულების როლში არიან, როგორც პარტიაში ასევე პარლამენტში.

რა დროს ბოიკოტია-ასეთია ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და ვეტერანი წევრის რომან გოცირიძის პოზიცია. დეპუტატი მიიჩნევს რომ ოცნებას ოპოზიციამ პარტიული კუთვნილების მიუხედავად სწორედ პარლამენტში უნდა ებრძოლოს. იგივე აზრზეა ნაციონალური მოძრაობიდან წასული და ლელოში გადაბარგებული სალომე სამადაშვილიც. ურთიერთდაპირისპირებისას დეპუტატებს ისევ დაავიწყდათ ბრიუსელის მოწოდება, პოზიციამაც და ოპოზიციამაც რეკომენდაციების შესასრულებლად ერთობლივად უნდა იმუშაონ.

ტოვებს თუ არა ფრაქციას ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ აქვს , თუმცა, ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ ამ საკითხზე ფიქრობს.პარტიასთან მთავარი წყალგამყოფი ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარისთვის ბოიკოტი აღმოჩნდა რომელიც თავად უკვე შეწყვიტა და მიაჩნია რომ ფრაქციის სხვა წევრებიც ასე უნდა მოიქცნენ. ხატია დეკანოიძემ დღეს ისიც დაადასტურა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ახალ გუნდთან სხვა არაერთ საკითხზეც განსხვავებული შეხედულება აქვს.

ხატია დეკანოიძესთან განსხვავებულ პოზიციებს ადასტურებენ ”ნაციონალურ მოძრაობაშიც”, თუმცა, პარტიაში ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. ”ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტზე მათი პოზიციები არ შეცვლილა და , ფრაქცია მას სააკაშვილის განთავისუფლებამდე არ შეწყვეტს,

ხატია დეკანოიძის გარდა, ფრაქციის დატოვებაზე კიდევ ერთ დეპუტატი ფიქრობს - ბაჩუკი ქარდავა, რომელიც საკითხზე პარტიასთან კონსულტაციებსაც გადის. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუჩის პროტესტთან ერთად, საპარლამენტო ტრიბუნაც უნდა გამოიყენოს.

ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ბოიკოტის რეჟიმშია ”სტრატეგია აღმაშენებელიც”, თუმცა, ამ ბოიკოტს პარტია გარკვეული საკითხების განხილვისას შეწყვეტს. ასეთია ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს იმ ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში მუშაობს. რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი კოლეგებს ურჩევენ საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ.

ოპოზიციის ბოიკოტს საბოტაჟად აღიქვამს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების აზრით ოპონენტების მხრიდან ეს დამოკიდებულება არასერიოზულია, მათივე თქმით, ოპოზიცია მსგავსი ქმედებებით მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ”ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ განხეთქილებასაც აფასებენ.

ვინ დატოვებს ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” ჯერ უცნობია - ხატია დეკანოიძე, საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში იტყვის. პარტია უკვე დატოვა რომან გოცირიძემ - მისთვისაც წყალგამყოფი ბოიკოტის საკითხი აღმოჩნდა.

 

დღის ამბები