საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტი, საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი მუშაობის განახლებას ითვალისწინებს.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება და განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა, დაიგეგმა კონკრეტული პროექტები, ასევე ჩატარდა მუშაობა რესურსის მობილიზების კუთხით. რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს სერიოზული მომავალი ჯანდაცვის სექტორისთვის როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მას შეუძლია, ძალიან სერიოზული როლი ითამაშოს რეგიონში საუკეთესო ხარისხის სერვისების მიწოდების კუთხით. ამდენად, პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რაც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კონსტრუქციას, აღჭურვას.
„ამ პერიოდის განმავლობაში, მერწმუნეთ, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ასევე მათი დასაქმების კუთხით. ჯანდაცვის სამინისტრო ცოტა ხანში გააკეთებს დეტალურ კონცეფციის პრეზენტაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის. ვფიქრობ, მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც ყველა შეკითხვა, თუკი დღეს რაიმე ისმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო როლთან და ბედთან დაკავშირებით, ამოიწურება. კომერციალიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის სრულიად გამორიცხული.
რესპუბლიკური საავადმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი, ამდენად, მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით. რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება არაერთი მიმართულებით არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შიდა პროცესები გარდამავალ პერიოდში მიმდინარეობს და ამას დაჭირდება გარკვეული განმარტებაც.
„ვფიქრობ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი ამასთან დაკავშირებით პერსონალს პასუხს გასცემს. უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულება გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში. დეტალური გეგმა, რომელიც ახლა მზადდება, განხილული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან ერთად“, – განაცხადა გაბუნიამ.