26 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
"სტუდქალაქის ტერიტორიაზე 1500-მდე ადამიანია დასახლებული, მხოლოდ 20% -ია სტუდენტი" - შსს განმარტავს, რატომ იმყოფებოდნენ სტუდქალაქში მართლწესრიგის ოფიცრები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ იმყოფებოდნენ მართლწესრიგის ოფიცრები სტუდქალაქის ტერიტორიაზე - უწყების განცხადების მიხედვით, ისინი საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმიურ საქმიანობას აწარმოებდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.

უწყების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრის როლი, რომლის კომპეტენციაში არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად შედის ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება;

მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ახორციელებენ ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და პირველად დამუშავებას.

სწორედ აღნიშნული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმიურ საქმიანობას აწარმოებდნენ.

სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და რეგიონის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

საერთო ჯამში ტერიტორიაზე დაახლოებით 1500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20% -ია სტუდენტი.

გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ვიზიტის განხორციელებისას, მართლწესრიგის ოფიცრებთან კომუნიკაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს ყველა პირს, ახალგაზრდულ მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ინტერესის გამო თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დღის ამბები