26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მილიონ 60 ათასი ევროს გადახდა დააკისრა - ადვოკატები გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მილიონ 60 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მოსამართლეთა კოლეგიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, თუმცა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ალექსანდრე ნინუას თანამონაწილეობა ვერ დაინახა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლეთა კოლეგია, ე.წ. წვრთნების საქმეზე, სათათბიროდ 27 თებერვალს გავიდა. საუბარია ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია- ""გირვუდ ბიზნეს კორპის""-თვის გადარიცხულ თანხაზე, რის სანაცვლოდაც თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებში წვრთნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ უწყებას ეს მომსახურება არ მიუღია. თავად სამინისტრომ კი ზარალის ანაზღაურება მას შემდეგ მოითხოვა, რაც უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ ცნო.

ტელეკომპანია "ფორმულაში" ამბობენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის შევიწროებას ნიშნავს.

საქმის სამართლებრივ განხილვაში არ შედის ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკან ვერც პოლიტიკური მოტივაცია დაინახა. თუმცა დანარჩენი ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მეორე ინსტანციამ გადაწყვეტილება არა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, არამედ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიიღო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს მმართველი გუნდიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში, მედიამფლობელობა შეღავათი არავისთვის იქნება.

კეზერაშვილის ადვოკატები, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები