სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. ალექსანდრე ნინუას ნაწილში კი გადაწყვეტილება შეცვლილია. მისი თანამონაწილეობა მეორე ინსტანციამ საქმეში ვერ დაინახა და ნინუა უდანაშაულოდ სცნო.
საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომლის მიხედვითაც ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიისთვის, გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ თანხა გადაირიცხა. პროკურატურის მტკიცებით, ეს მომსახურება თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია.
ამასთან, როგორც ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, არ ეთანხმება უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, თითქოს წვრთნები არ ჩატარდა.
"მან დაადგინა, რომ არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ჩემს მარწმუნებელს, ვინაიდან პროცესუალურად თანამონაწილე იმ დანაშაულის, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, ჩემი მარწმუნებელი არ იყო. ამიტომ, პროცესუალურად ეს გადაწყვეტილება სწორია. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავად უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ადგენს მსჯავრდებას, როგორც ჩემი მარწმუნებლის, ისე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მიმართ, იმის გამო, რომ თითქოს წვრთნები არ ჩატარდა, ამას ჩვენ დღესაც არ ვეთანხმებით,"- აცხადებს კახიძე.
პარალელურად, დავით კეზერაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძისთვის გაურკვეველია, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ.
"ჩემთვის გაურკვეველია რა პრინციპით იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ და რა დოკუმენტს ეყრდნობა, როდესაც ადგენ, რომ დანაშაულის შედეგად გარკვეული ზიანი იქნა დადგენილი. მაშინ, როდესაც ჩვენ წარდგენილი გვქონდა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა წვრთნების ჩატარებას, უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა იმ წვრთნებში ადამიანების მონაწილეობას, რაც გამორიცხავს მიყენებულ ზიანს, ყოველ შემთხვევაში იმდაგვარ ფორმულირებას, რასაც თავდაცვის სამინისტრო გვთავაზობდა,"-აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.
ავტორი: ანუკა ბუავა.