მთავარი მოწმე გამოიკითხა ბადრი ესებუას სასამართლო სხდომაზე. ავთანდილ გალდავა ბანკზე თავდასხმის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ დღეს სწორედ ძველ ნაცნობს შეხვდა. ავთანდილ გალდავამ პროცესზე ბადრი ესებუასთან გატარებული რამდენიმე საათი დეტალურად გაიხსენა.
ბრალდებულის სკამზე დაჯდა, თუმცა ბადრი ესებუა დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს და ბანკში შეჭრის ფაქტს უარყოფს. დამტკიცებისთვის ერთ-ერთი მთავარი პროცედურა ამოცნობაა. ავთანდილ გალდავას ჩვენება ამ მხრივაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას რამდენიმე საათის განმავლობაში თავდამსხმელთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდა.
პროცესზე სამეგრელოს სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა დეტალურად აღწერა ყველა გარემოება ოპერაციის პირველიდან ბოლო წუთის ჩათვლით. მოლაპარაკებები, ბანკში შესვლა, იქიდან თავდამსხმელთან ერთად გამოსვლა და მძევლების ჩანაცვლება. მათ შორის გაიხსენა ფულის გადაცემის ეპიზოდი.
იყო ეპიზოდები, რომელთა გახსენებისას ავთანდილ გალდავამ ემოციების გაკონტროლება ვერ შეძლო.
პოლიციის მაღალჩინოსნის ჩვენებას ბადრი ესებუა ყურადღებით უსმენდა, თუმცა არცერთი აღწერილი გარემოების შესახებ რეპლიკა არ ქონია. ის მხოლოდ გალდავას ემოციურ რეაქციებს გამოეხმაურა და პირადად მისი, ასევე მისი ოჯახის წევრების დევნაში დასდო ბრალი.
ესებუას კონტრბრალდებების და ბანკში შეჭრის უარყოფის მიუხედავად საქმის პროკურორები ირწმუნებიან, რომ ესებუას წინააღმდეგ მტკიცებულებები ყოველდღიურად მყარდება და ამის მაგალითი დღეს ავთანდილ გალდავას ჩვენებაც იყო
საქმის არსებითი განხილვა 23 მარტს ისევ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება, სიაში მინიმუმ კიდევ 100 ადამიანია.