26 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
მეასე საიუბილეო გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის მზადებას იწყებენ - ვის დაუპირისპირდება ეროვნული ნაკრები პირველ მატჩში

მეასე საიუბილეო გამარჯვება და ზედიზედ მეექვსე წარმატება "რაგბი ევროპის" გათამაშებაზე. "ბორჯღალოსნებმა" ფინალურ მატჩში პორტუგალია დიდი სხვაობით დაამარცხეს. ექვსი ლელო, და ოთხი გარდასახვა- მოწინააღმდეგეს ქართველმა მორაგბეებმა შანსი აღარ დაუტოვეს და პრესტიჟული ტურნირის თასი დამსახურებულად აწიეს. ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგშიც დაწინაურდა და 7 წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შორის მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

გამარჯვებისა და მსოფლიო სარაგბო რეიტინგში დაწინაურების მიუხედავად, "ბორჯღალოსნები" შესვენებას არ აპირებენ. "რაგბი ევროპის" დასრულების შემდეგ, ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას იწყებს, "ბორჯღალოსნები" სექტემბრამდე სამ ტესტ მატჩს, რუმინეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. მსოფლიო თასზე კი პირველ შეხვედრას ქართველი ბორჯღალოსნები 9 სექტემბერს, პარიზში პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან, ავსტრალიასთან გამართავენ.

ზედიზედ მეექვსე ტიტული საქართველოს ნაკრებმა, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში მოიპოვა, "ბორჯღალოსნებმა"
ფინალურ შეხვედრაში პორტუგალია 27 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ამ ეტაპზე ტურნირში მონაწილე გუნდებზე, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე სათამაშო კლასით, გაცილებით წინ არიან. ჯამში ეროვნულმა ნაკრებმა, "რაგბი ევროპის" გათამაშება 15-ჯერ მოიგო რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

რაგბის ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგშიც დაწინაურდა. "ბორჯღალოსნებს" კლასიფიკაციაში 0.30 ქულა დაემატა, შედეგად ნაკრებმა 76.23 ქულა დააგროვა და რეიტინგში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

ფინალური შეხვედრა, საქართველოს ნაკრების სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 12-11 დასრულდა. მეორე ნახევარში, ჩვენმა გუნდმა თამაშის ტემპი გაზარდა, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა, პორტუგალიის ჩათვლის ზონა ქართველმა მორაგბეებმა 6-ჯერ აიღეს, ლელო - ტაბუცაძემ, მამუკაშვილმა, პაპიძემ, თაფლაძემ და ჭყოიძემ დადეს.

"რაგბი ევროპის" გათამაშების დასრულების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის იწყებს აქტიურ მზადებას. მსოფლიო პირველობაზე ჩვენი გუნდი "ც" ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯის და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საფრანგეთში გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნები სამ ტესტ–მატჩს გამართავენ, 12 და 19 აგვისტოს, შესაბამისად, რუმინეთსა და აშშ-ს უმასპინძლებენ, 26 აგვისტოს კი შოტლანდიაში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო თასი საფრანგეთში, სტარტს 8 სექტემბერს აიღებს, პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 9 სექტემბერს, პარიზში სტადიონ სტად დე ფრანსზე ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 
დღის ამბები