26 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი კოალიციას ქმნის - რა გეგმები აქვს და ვისთან აპირებს თანამშრომლობას ექსპრეზიდენტი

"ქართული ოცნების" პირველი რჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ კოალიციას ქმნის. გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში შავი სიით ბრუნდება. მეოთხე პრეზიდენტისთვის მიუღებელია ორი ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ორი ყოფილი მინისტრი: ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია.
ე.წ "მესამე ძალას" მარგველაშვილი იმ პარტიებში ხედავს, ვინც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმუმ სამი პროცენტი მიიღო.

ესენია: "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა" და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. სწორედ ამ ოთხ პარტიასთან ერთად გეგმავს ყოფილი პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას და სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებას. გახარიას პარტიას მარგველაშვილის მეორედ მოსვლა არ აინტერესებს. ექსპრეზიდენტი არასერიოზულია ძალაა "ქართული ოცნებისთვისაც", რასაც ვერ ვიტყვით "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომელიც ბოლო დღეებია უშედეგოდ ცდილობს გაემიჯნოს ვანო მერაბიშვილს.

ყოფილი პრეზიდენტისთვის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებში წითელი ხაზი ყოფილ ძალოვან მინისტრებზე გადის. გიორგი მარგველაშვილი, გიორგი გახარიას და ვანო მერაბიშვილს ერთ სიბრტყეში ხედავს და ამბობს, რომ ”ქართული ოცნების” ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნა მათ გარეშე წარმოუდგენია. ექსპრეზიდენტი თეორიულ სამოქმედო ტაქტიკაში საკუთარ თავს ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძისა და "ლელოს" გვერდით ხედავს. თვლის, რომ ქართული ოცნების ყოფილ რჩეულს ღირებულებითი ერთობა სწორედ, "ნაცმოძრაობის" ყოფილ სახეებთან აქვს.

წარსულის შეხსენებას, ანალოგიური მეთოდით უპასუხეს გახარიას თანაგუნდელებმა. პარტია ”საქართველოსთვის” წევრები მარგველაშვილის პოლიტიკურ მეორედმოსვლას იდეურად დაცლილს უწოდებენ. ამბობენ, რომ მათთვის ექს-პრეზიდენტის პერსონა საინტერესო არ არის.

გახარიას გუნდისგან განსხვავებით, მარგველაშვილის კრიტიკას :ნაციონალურ მოძრაობაში" მოერიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს პარტიის აქციებს სწორედ ვანო მერაბიშვილი აანონსებს და ყოფილი თავმჯდომარის გუნდმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ყოფილი პრემიერი ნაცმოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში ჩაერია, პარტიაში კვლავ ამტკიცებენ, რომ ექს-პრემიერი ქართული პოლიტიკით დაინტერესებული არ არის.

ე.წ მესამე ძალის შესაქმნელად მარგველაშვილთან რომ კონსულტაციები მართლაც მიმდინარეობს, დღეს, მის მიერ ნახსენებმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს. ხოშტარია-ვაშაძე-ჯაფარიძის ტრიო დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ცვლილების პროცესში ფილოსოფოსი ექს-პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. გიორგი მარგველაშვილი, დავით კეზერაშვილის შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსნებიდან მეორეა, ვისთან პარტნიორობაც სამეულის პოლიტიკურ გეგმებში შედის.

ექს-პრეზიდენტის პოლიტიკურ მომავალს სკეპტიკურად უყურებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობიდან გიორგი მარგველაშვილს დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემისკენაც მოუწოდეს. მმართველ ძალაში ფიქრობენ, რომ ინსტიტუციის წარმომადგენელი, რომელიც კონსტიტუციურად გამაერთიანებლის როლს უნდა ასრულებდეს, პოლარიზაციის გაღრმავების პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტორია. კანონმდებლების აზრით, გიორგი მარგველაშვილის არათანმიმდევრული მოქმედება ქართულ პოლიტიკაში ძირეულ ცვლილებებს ვერ შეიტანს.

შეძლებს თუ არა არაერთხელ დაანონსებული მესამე ძალის ფორმირებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ჯერ კვლავ უცნობია. გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას, გახარია-მერაბიშვილის გარეშე, მაგრამ "ნაცმოძრაობის" ყოფილ სახეებთან ერთად გეგმავს.

დღის ამბები