26 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი შეცვალა

განათლების მინისტრის პოსტზე ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე, აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი წევრი, დღეს პრემიერმა წარადგინა. 

გიორგი ამილახვარი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. საკანონმდებლო ორგანოში იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე. აქვს აკადემიური გამოცდილება. განათლების ახალი მინისტრი არის ასოცირებული პროფესორი სამართლის სფეროში. 2010 - 2020 წლებში თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, შემდეგ კი რექტორი იყო. 2018-19 წლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მუშაობდა სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ის მთავარ სპეციალისტად. თვითმმართველობის არჩევნებზე ხელმძღვანელობდა კახი კალაძის საარჩევნო შტაბს.

პრემიერ მინისტრი უკვე დაემშვიდობა განათლების ყოფილ მინისტრს, რომელიც აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდება.

მიხეილ ჩხენკელი განათლების სამინისტროს, უკვე მეორედ, 2019 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. მინისტრის პოსტზე 2017-18 წლებშიც მუშაობდა. იყო ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი და განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

სამთავრობო გუნდში განხორციელებული ცვლილება უმნიშვნელოა საპარლამენტო ოპოზიციისთვის. მათი განცხადებით, ერთი მინისტრის შეცვლით ზოგადი სურათი უცვლელი რჩება.

ყოფილ კოლეგას, ახალ თანამდებობაზე წარმატებას უსურვებენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების ლიდერების შეფასებით გიორგი ამილახვარი სამინისტროს ღირსეულად უხელმძღვანელებს.

განათლების მინისტრის გარდა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცვლილება ჯანდაცვის მინისტრსაც შეეხებოდა, თუმცა პრემიერ მინისტრმა ინფორმაციას დღეს ტყუილი უწოდა.

დღის ამბები