26 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
"არც განაცხადი შემოსულა, არც დოკუმენტაცია შემოსულა" - ზურაბ აზარაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 

უცხოელი ექიმების დაშვებაზე არანაირი მიმართვა მიხეილ სააკაშვილის ან ოჯახის მხრიდან არ შესულა არც იუსტიციის და არც ჯანდაცვის სამინისტროში - შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა ამის თაობაზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრეს.

თქვეს, რომ არ არის საჭირო პროტესტი ან აქცია, ვინაიდან არაერთხელ ითქვა რომ სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი დაუშვას უცხოელი ექიმები, თუ სიას მსჯავრდებული ან ოჯახი წარადგენს. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო მას ძალიან ოპერატიულად განიხილავს. 

"არანაირი აქცია ამისთვის საჭირო არ არის. თუ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ ამ ექიმებზე, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ოპერატიულად განიხილავს, მოვიწვევთ კიდეც იმ საბჭოს, რომელ საბჭოზეც უნდა გავიდეს ეს და იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წესრიგში აქვთ,  ძალიან ოპერატიულად დავადასტურებთ. პროცედურა არის შემდეგი: შემოვა განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, იხილავს ჩვენი სააგენტო და შემდეგ გააქვს საბჭოზე ნებართვის მისაცემად. არც განაცხადი შემოსულა, არც დოკუმენტაცია შემოსულა,“ - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

 

ავტორი: ანუკა ბუავა 

 

 

დღის ამბები