ხვიჩა კვარაცხელიას მე-12 გოლი იტალიის ჩემპიონატზე - სერია ა-ს 27-ე ტურში, "ნაპოლი -ტორინოს" დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ 11 მეტრიანი პენალტი ზუსტად შეასრულა და იტალიის ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა. საბოლოოდ "ტორინო-ნაპოლის" შეხვედრა, ნაპოლის გამარჯვებით - 0:4 დასრულდა. კვარაცხელიამ ამ მატჩში 1 ასისტიც შეასრულა.
ზუსტად 9 თვეა ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" თამაშობს. ეს მცირე დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქართველ ფეხბურთელს მთელი მსოფლიო აელაპარაკებინა. 22 წლის კვარაცხელიას ფეხბურთის ღმერთსაც კი უწოდებენ.
ნეაპოლში, სადაც ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ, ხვიჩა კვარაცხელია მართლაც ფეხბურთის ღმერთად მიაჩნიათ. ისტორიაში პირველად იტალიური კლუბი "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოხვდა. არ ვიქნებით სუბიექტურები თუ ვიტყვით, რომ ეს სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.
წარმატებულ მატჩებთან ერთად იზრდება ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებაც. მისი სატრანსფერო ფასი დღეს 60 მილიონ ევრომდეა. ამ ღირებულებით ის მსოფლიო დონის არაერთ მოთამაშეს უსწრებს, მათ შორის მესის და რონალდუს.
ხვიჩა კვარაცხელიაზე ყოველ კვირას იბეჭდება სტატიები წამყვან გამოცემებში. რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ გვერდზე ხვიჩას ფოტო გამოქვეყნდა წარწერით "გამოიცანით ვინ არის ეს?" ფოტოს უამრავი კომენტარი აქვს, საქართველოს დროშით ყველა მიხვდა, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიაა.
კვარაცხელიაზე ამზადებენ სპეციალურ რეპორტაჟებს. რამდენიმე დღის წინ საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა CBS სპორტის გადამღები ჯგუფი.
ცნობილი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი გილემ ბალაგე საქართველოს სწორედ იმ ადგილის და ქვეყნის უკეთ გასაცნობად ესტუმრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია დაიბადა და ცხოვრობდა. რეპორტიორი ხვიჩას მშობლების სახლს ესტუმრა.