სხვადასხვა სახეობის ბურღულეული, ზეთი, შაქარი, მარილი - მოქალაქეები პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე საუბრობენ, და ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მაღაზიათა ქსელებში ფასდაკლებები გახშირდა. პრემიერის განცხადებების შემდეგ, მთავრობასა და კომპანიებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პირველი შედეგი სახეზეა. ყველა თანხმდება, რომ სურსათზე აქციების სახით დაბალი ფასი უნდა შენარჩუნდეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა რომ სურსათზე 70 და ზოგ შემთხვევაში 100 პროცენტიანი ფასნამატი დაუშვებელი და მიუღებელია, არაგონივრული ღირებულების შემცირება კი აუცილებელი. პრემიერის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს რომელიც სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივას მიჰყვება.
სასურსათო ბაზარი კონკურენციის სააგენტომ იმპორტის თვითღირებულებიდან, საცალო ვაჭრობის ქსელში მიწოდებამდე და ფასნამატის გათვალისწინებით შეისწავლა. მთავრობის ეკონომიკური გუნდი და კონკურენციის სააგენტო, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქსელურ მარკეტებში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შემცირების ტემპზე საუბრობს.
მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფასებზე საუბრობენ დისტრიბუტორთა ასოციაციაში. ამბობენ რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა მყიდველს დახლებზე შემცირებული ღირებულება დახვდეს. ივა ჭყონია იმ აქციებზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, მარკეტებში მომხმარებელი სასურველ პროდუქტს შემცირებული ფასით ყიდულობს.
პროდუქტებზე ფასების შემცირების ინიციატივა ერთ თვეს ითვლის. მანამდე პრემიერის დავალებით, შემცირდა ფასი საწვავზე. რეფორმების შედეგად საქართველოს მოსახლეობას გაცილებით იაფად შეუძლია თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი მედიკამენტების შეძენა. 1200 მდე დასახელების პრეპარატზე კი რეფერენტული ფასი უკვე დადგენილია.