თაფლი, ნატურალური წვენი, ხორცი, თხილეული, ტყემალი – ქართველი მეწარმეები კატარის 2023 წლის აგროგამოფენაზე ქართული პროდუქტით წარსდგნენ.
საერთაშორისო გამოფენაზე რაჭაში წარმოებული რამდენიმე სახეობის თაფლია გატანილი. საქართველოს მთაში, სპეციფიური, ტრადიციული ტექნიკით დამუშავებული პროდუქტი ახლა მოწონებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ იღებს. მწარმოებლები მოლაპარაკებებს ადგილობრივ თუ სხვა ქვეყნის კომპანიებთან აწარმოებენ.
აგროგამოფენის ქართულ კუთხეში სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ჩვენი ქვეყნის 14 კომპანიას აქვს წარმოდგენილი. საერთაშორისო დონის ღონისძიებაში კომპანიების ნაწილი პირველად, ნაწილი კი მეორედ მონაწილეობს.
მეწარმეებისთვის გამოფენაში მონაწილეობა შესაძლებლობაა რეგიონში ქართული პროდუქტის სამომავლო რეალიზაციისთვის. ასევე ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციისა და ქვეყნის სახელის საქართველოს ფარგლებს გარეთ, აზიის რეგიონში კიდევ ერთხელ გატანის კუთხით.
ქართულმა ნაწარმმა გამოფენის გახსნისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა. წარდგენილი ნატურალური პროდუქტი ასობით ადამიანმა უკვე დააგემოვნა.
გამოფენის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამშრომლებთან და ქართველ დიპლომატებთან ერთად დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს კუთხე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. პარალელურად ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის მემორანდუმსაც.
გამოფენა გასული წლების მსგავსად წელსაც დატვირთულია. 52 ქვეყნის სტენდზე, ასობით სხვადასხვა მეწარმის ათასობით პროდუქტის დაგემოვნებაა შესაძლებელი. აგროგამოფენას, რომელიც 15 მარტს გაიხსნა და ოთხი დღე გაგრძელდება, საშუალოდ 20 000 ადამიანი სტუმრობს.