26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
პეტიცია კაჭარავას წინააღმდეგ - ვინ ითხოვს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეობიდან მის გადაყენებას და როგორია რაგბის კავშირის პასუხი

პეტიციის მოთხოვნას, რომ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს, დავით კაჭარავა არ იზიარებს. მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ლიდერი, რომელიც ახლა პოლიტიკურ მოედანზე თამაშობს, მის წინააღმდეგ წაყენებულ მოთხოვნებს კონტრბრალდებით პასუხობს. ის ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებს სპორტსმენების ბულინგში ადანაშაულებს.

"რაგბის მხარდამჭერი" - ამ პეტიციის ავტორებმა კაჭარავას მხრიდან რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ერთი დღის წინ მოითხოვეს.

პეტიციის შინაარსს კატეგორიულად არ იზიარებს რაგბის კავშირის პრეზიდენტი. სოსო ტყემალაძე დავით კაჭარავას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მეტიც, ის "კურიერთან" ამბობს, რომ კაჭარავას მისი დაცვა არც სჭირდება, თუმცა ნეგატივის თავიდან არიდება სჭირდებათ სპორტსმენებს, რომლებსაც ავიწროებენ, ამ დროს კი მათ წინ მნიშვნელოვანი სპორტული გეგმები აქვთ.

რა გავლენას ახდენს პოლიტიკა სპორტზე, როდესაც ყოფილი სპორტსმენი დღეს თავად არის პოლიტიკური აქტორი და მკვეთრად გამოხატული პოზიციები აქვს - ეს თემა დღეს აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა პოლიტიკოსებს შორისაც. კაჭარავას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა დღეს თავადაც ყოფილმა სპორტსმენმა კახა კალაძემ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ფიქრობენ, რომ დავით კაჭარავა "ხალხის ძალის" სახით "არასწორ მოედანზე" მოხვდა.

პეტიციის ტექსტს ამ ეტაპზე 800-მდე ხელმომწერი ჰყავს, თუმცა რაგბის კავშირში ამბობენ, რომ თუნდაც 5 000 მხარდამჭერის შემთხვევაში, ის ლეგიტიმური ვერ იქნება.

დავით კაჭარავა, რომელიც ამჟამად დეპუტატი და რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა, წლების განმავლობაში მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. მას ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 2006-2019 წლებში 122 მატჩი აქვს ჩატარებული და მსოფლიოს 4 ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული.

დღის ამბები