26 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
მორიგი განხეთქილება "ნაციონალურ მოძრაობაში" - რა როლი აქვს პარტიაში ვანო მერაბიშვილს და როგორ ზემოქმედებს ის შიდაპარტიულ საქმეებზე

ვანო მერაბიშვილის განცხადებები, მისივე დაფუძნებულ პარტიაში კიდევ ერთი განხეთქილების მიზეზია. ნიკა მელიას გუნდი ყოფილ ძალოვანს სიცრუის ტირაჟირებასა და პარტიის დასუსტებაში ადანაშაულებს. უფრო მეტიც, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მენეჯმენტი მერაბიშვილის ფავორიტ ხაბეიშვილს ბრალს უმოქმედობაში სდებს. ვეტერანი ნაციონალები პარტიის ახალ თავმჯდომარეს ურჩევენ მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა დათვალოს.

"ნაციონალური მოძრაობის" ის ნაწილი, რომლისთვისაც ხაბეიშვილიც მიუღებელია და მერაბიშვილიც, ამბობენ, რომ ყოფილი ძალოვნის საზოგადოებაში ნებისმიერი სახით გამოჩენა პარტიას ანგრევს.

ვანო მერაბიშვილი ბრალდებებს ტრადიციულად თავად არ პასუხობს. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამისთვის პარტიაში საკუთარი სპიკერები ჰყავს. მერაბიშვილის ფავორიტის, ხაბეიშვილის ფრთა გუშინდელს მსგავსად იმეორებს, რომ ყოფილი ძალოვანი შიდა პარტიულ საქმიანობაში არ ერევა. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში საუბარი არც "ნაციონალურ მოძრაობაზე" სურთ და არც გუნდის ე.წ. რუხ კარდინალზე. "ოცნებისთვის" კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების კრიტიკა მერაბიშვილის მისამართით იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ პარტიას გარედან მართავენ.

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური ფაქტორი და მისი ახალი განცხადებები "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ძველი მენეჯმენტი ყოფილ ძალოვანს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სწორედ მერაბიშვილი იდგა "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული არჩევნების იდეის უკან. მელიას თანამოაზრეები დარწმუნებულები არიან, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პარტიულ საქმიანობაში ახლაც აქტიურად მონაწილეობს.

თავად ყოფილი თავმჯდომარე, ვანო მერაბიშვილის მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს არ გამოხმაურებია, თუმცა, გაიზიარა ყველა ის პოზიცია, რომელიც მის თანამოაზრეებს ჰქონდათ. მეტიც, ნიკა მელიამ საკუთარ სოციალურ ქსელში თანაგუნდელის ინტერვიუდან სწორედ ის ამონარიდები გააზიარა, სადაც ეკა ხერხეულიძე ვანო მერაბიშვილის მხრიდან გააქტიურებაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მისი ფიგურა პარტიას მხოლოდ აზიანებს და გუნდში დამატებით განხეთქილებას ქმნის.

ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეთა პოზიციები მხოლოდ სპეკულაციაა მოქმედი თავმჯდომარის გუნდისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძველი მენეჯმენტი ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას სწორედ ვანო მერაბიშვილის გავლენებსა და მიზნებს უკავშირებს, პარტიის ნაწილი მაინც ამტკიცებს, რომ ყოფილი ძალოვანი შიდაპარტიულ საკითხებში არც აქამდე მონაწილეობდა და არც ახლა მონაწილეობს.

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებსა და ვანო მერაბიშვილის განცხადებებს აფასებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. ნაწილისთვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ფიგურა და მისი გააქტიურება მიუღებელია, მეორე ნაწილი კი აქცენტს "ნაციონალურ მოძრაობაში" ვანო მერაბიშვილის გავლენებზე ამახვილებს.

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარის გუნდის განცხადებები, რომ ვანო მერაბიშვილი პარტიულ პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს, არ სჯერათ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ ძალაში ამბობენ, რომ სწორედ ყოფილი პრემიერის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ფაქტორია მთავარი განხეთქილების მიზეზი "ნაციონალურ მოძრაობაში".

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რომელმაც პარტიაში ახალი დაპირისპირება გამოიწვია გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა. ყოფილი ძალოვანი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს პასიურობაში ადანაშაულებდა და პარალელურად, საპროტესტო აქციებს აანონსებდა.

დღის ამბები